Ecxlusive ირაკლი ოქრუაშვილის ყველა მოწმე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია - ადვოკატი

21:38 08-06-2019
872

„ირაკლი ოქრუაშვილის საქმეში ექვსივე მოწმე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია. დღეს მოვახდინეთ მათი იდენთიფიცირება“ - პრაიმტაიმს ამის შესახებ ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, 20 ივნისის ღამის შემდეგ გამოკითხულ ასობით შსს-ს თანამშრომლებიდან არცერთს ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიცემული არ ჰქონია.

„ასობით შსს-ს თანამშრომელს არცერთ ჩვენებაში ოქრუაშვილი არ უხსენებია, სანამ მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესახებ განცხადება არ გააკეთა. მერე მოულოდნელად, ექვს თანამშრომელს ზუსტად 23 ივლისს „გაახსენდა“, რომ ოქრუაშვილი ამბობდა წავედითო. ჩვენებებში ზუსტად ასე წერენ, ოღონდ სად წავედითო, რას გულისხმობდა ირაკლი, ამაზე ჩვენებაში არაფერია დაკონკრეტებული.

როგორც ადვოკატს იმედი მაქვს, რომ ჩემი კლიენტი უნდა გამართლდეს, ეს ადმინისტრაციულ სასჯელსაც კი არ ითვალისწინებს, იმდენად არაფრისმთქმელია მოწმეთა ჩვენებები. ამის იმედი სამართლებრივად ნამდვილად მაქვს, მაგრამ ვერაფერს ვიტყვი პოლიტიკური ნების შესახებ.

ოქრუაშვილმა დამაბარა მედიისთვის მეთქვა, რომ ის ნებისმიერ ვითარებაში იბრძოლებს კომპანია რუსთავი 2-თვის. ასე, რომ დარჩება თუ არა პატიმრობაში უკან დახევას მაინც არ აპირებს. სასამართლო სექტემბერში იქნება და ვნახოთ, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს“ - აცხადებს მამუკა ჭაბაშვილი.

შეგახსენებთ, ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე დააკავეს. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ამავე მუხლით წაუყენეს ბრალი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიასაც. ირაკლი ოქრუაშვილს ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.



 

ავტორი: თამარ ბუჩუკური