საგარეო უწყება: დაღუპულ ჩხოროწყუელ მამაკაცს ექსპერტიზა თურქეთში უტარდება

15:59 08-06-2019
16

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში დაღუპულ საქართველოს მოქალაქეს ექსპერტიზა უტარდება. როგორც პრაიმტაიმს უწყებაში განუცხადეს, ცხედარს საქართველოში პროცედურების დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ.

„საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება ამ დროისთვის არ შესულა, თუმცა საკონსულო ფლობს ინფორმაციას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, ამჟამად ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში და უტარდება ექსპერტიზა. საკონსულოს ხაზზეა ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ სამართლადამცავებთან. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება“, - ამბობენ უწყებაში.

თურქეთში, ქალაქ არდეშენში, სამუშაოდ წასული 26 წლის ჩხოროწყუელი მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. ჩხოროწყუს მერის წარმომადგენელმა სოფელ კირცხში, ინგა ასათიანმა პრაიმტაიმს განუცხადა, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა 26 წლის ლაშა მალანიას ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე.

„მე ველაპარაკე საკონსულოს და მითხრეს არ არისო პრობლემა. სარფში მანქანა უკვე გაგზავნილია“, - განაცხადა მან.

ავტორი: თეა შონია