ცნობილია როდის დაიწყება გამოცდების შედეგების გასაჩივრება – ვადები და პროცედურები

15:21 08-06-2019
97

აბიტურიენტებისთვის სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 13 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.

სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ  ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.

იმისათვის, რომ აბიტურიენტმა საპელაციო ფორმა შეავსოს, აუცილებელია აპელაციისათვის განკუთვნილ ბმულზე გადასვლისას, შეიყვანოს პირადი ნომერი და საგამოცდო (ცხრანიშნა) ნომერი. 

აპელაციის საფასურს აბიტურიენტი იხდის სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). 

„აბიტურიენტს, რომელიც  7 აგვისტოს 10:00 საათიდან 13 აგვისტოს 18:00 საათამდე
გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება აპლიკანტის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე.“ , - ნათქვამია განცხადებაში.