Exclusive: ძვირადღირებულ სასტუმროებში ვინც დადიოდა, ის ისევ ივლის იქ - რას ფიქრობს კრისტი ყიფშიძე კამპანიაზე „დაისვენე საქართველოში“

18:07 08-05-2019
1152

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის, ცნობილი ადამიანები აქტიურად ჩაერთვნენ ტურიზმის მხარდასაჭერ კამპანიაში „დაისვენე საქართველოში“ და ბევრმა მათგანმა ამჯერად დასვენება და შემოსავლის დახარჯვა მშობლიურ ქვეყანაში გადაწყვიტა. 
თუმცა, ზოგმა „უცხო ხილის გასინჯვის“ ცდუნებას მაინც ვერ გაუძლო და დაუვიწყარი არდადეგების მოწყობა მსოფლიო დონის სხვადასხვა კურორტის ფეშენებელურ სასტუმროებში ამჯობინა. არიან ისეთებიც, ვინც შვებულების გატარებას ორივეგან ახერხებს...

 „პრაიმტაიმი“ მოდელ კრისტი ყიფშიძეს დაუკავშირდა და მას ამ კამპანიისა და საზაფხულო დასვენების შესახებ ესაუბრა:
-„დაისვენე საქართველოში“ ძალიან კარგი წამოწყებაა, მივესალმები, რადგან საქართველოში იმდენი კარგი ადგილია, ლამაზი და აუცილებლად სანახავი, რომ მხოლოდ ჩვენ კი არა, უცხოელი მეგობრებიც აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ მათ დასათვალიერებლად. კარგი პიარი და რეკლამა უნდა გავუშვათ მსოფლიოში, რომ ჩამოვიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ძირითადად, ტურიზმის დეპარტამენტის პრეროგატივაა, თუმცა, ჩვენ ჩვენებურად უნდა შევუწყოთ ხელი. ბევრი უცხოელი ფოლოუერი მყავს და ხშირად მწერენ. ის არეულობაც რომ იყო, მწერდნენ, – ჩამოსვლა ძალიან გვინდა, მაგრამ გვეშინიაო. მე კი ვარწმუნებდი, რომ საშიში აქ არაფერია, თუმცა, მესმის, რომ შორიდან ასე ჩანდა.

- თქვენ რომელ ქართულ კურორტებს გამოარჩევთ და სად დადიხართ?
- საქართველოში ყველგან ნამყოფი ვარ, ერთადერთი, თუშეთის გარდა. იქ იმდენად რთულად მისასვლელი გზაა, მეტი მობილიზება უნდა. ძალიან მიყვარს მესტია, ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ადგილია, ასევე, შავი ზღვა, მაგრამ განსაკუთრებით, გრიგოლეთის სანაპირო, ქვიშაა და სიწყნარე, სიმშვიდე, ნამდვილი, პასიური დასვენება სწორედ იქაა შესაძლებელი. ბათუმში ხმაურია და ვეღარ ვუძლებ. ძალიან მიყვარს, ასევე, ყაზბეგი, კახეთი... ყველა ადგილი თავისებურად მიზიდავს და მხიბლავს.width=768

- უცხოელ ტურისტს პირველ რიგში სად წაიყვანდით და რის ნახვას ურჩევდით?
- ჯერ თბილისი უნდა ნახოს საფუძვლიანად, ამისთვის ალბათ სამი დღე ეყოფა. ჩვენი უგემრიელესი სამზარეულო და კერძები უნდა დააგემოვნოს. ყაზბეგში წავიყვანდი, რომ მთა ენახა და მერე, დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდში, დადიანების სასახლის სანახავად და აუცილებლად, მესტიაში! რომ ის მისტიურობა, იდუმალება შეეგრძნო, რაც იქაა. მესტია ჩემთვის სწორედ მისტიური და საინტერესოა, ძლიერი ენერგეტიკაა, მკაცრი ბუნება.
ჩემთვის ადგილებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ბალიზე ვიმოგზაურე და გაგონილი მქონდა, რომ ინდონეზიაში, ბალიზე რომ ჩადიხარ, სულ სხვა ენერგეტიკაა და შესაძლოა,  ბევრი რამ შენში რადიკალურად შეიცვალოს. ტვინი „დავააფდეითე“, ასე ვთქვათ. ორი კვირის განმავლობაში, არც მიფიქრია იმაზე, რა ჩავიცვა, რა ვჭამო, სად წავიდე, დინებით მივყევი ყველაფერს.

- რა არის თქვენთვის მოგზაურობა?
- ძალიან მიყვარს, ჩემთვის ერთ–ერთი დიდი „სტრესაუტია“, რადგან საინტერესოა, ზოგჯერ პატარა სირთულეებიც ახლავს, ვთქვათ, სადღაც გემით გადახვედი, ჯუნგლებში ჩახვედი, სადღაც ზემოთ ახვედი, ქვემოთ ჩამოხვედი, რთული, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავია, სასიამოვნო დაღლაა. 8–9 საათზე გათიშულს რომ გეძინება. მოკლედ, ნამდვილი, კარგი დასვენება მოვიწყვე, ორკვირიანი! იქიდან მართლაც ახალი ძალებით, ფიქრებით, მოტივაციებითა და ინსპირაციებით ჩამოვედი. ორი დღე კარგად გამოვიძინე და აქტიურად ჩავერთე მოდის კვირეულში, კარგი შედეგიც „დავდე“. აგვისტო ჩემთვისაც სეზონის დახურვაა და ახლა ვისვენებ, ვცდილობ, გადაღებებზეც უარი ვთქვა და ახალი სეზონისთვის ახალი ძალებით მოვემზადო.

- საქართველოში ამჯერად სად აპირებთ წასვლას? ნატალიასთან ერთად თუ ახერხებთ დასვენებას?
- ჩემს მეგობრებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ადგილებში გავდივარ. ნატალია კი უკვე დიდი გოგონაა – 18 წლის და სულ თავის მეგობრებთან ერთად დადის ხოლმე, წელსაც ასე აპირებს, რაჭაში, მერე ზღვისპირეთში და ა.შ.

- ფასების საკითხსაც შევეხოთ, ბევრი ამბობს, რომ საქართველოში დასვენება უფრო მეტი უჯდება, ვიდრე ევროპის ნებისმიერი ქალაქის მონახულება ან სხვა კურორტზე დასვენება. თქვენც იზიარებთ ამ აზრს?
- იცით, რა არის, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც გააჩნია სად დაისვენებ, რისი საშუალება გაქვს, როგორ იმყოფინებ. 100 დოლარი გაქვს თუ 1000 დოლარი, შენზეა დამოკიდებული, როგორ და სად დაისვენებ. ძვირადღირებული სასტუმრო საქართველოშიც უამრავია, იქ შეიძლება 1–2 დღით ჩახვიდე, მაგრამ 10 დღით არანაირი სურვილი არ მაქვს წავიდე, ამას სხვაგან დასვენება მირჩევნია, რადგან მომწონს, როგორც ტურისტი ისე ვიყო. შეიძლება, ეგრე სახლში უფრო კომფორტულად და კარგად ვიყო, ვიდრე დღეში 1000 ლარი გადავიხადო რაღაც სასტუმროში.
„დაისვენე საქართველოს“ კამპანიის ფარგლებში არ იყო ის მესიჯი, რომ ჩვენ თანხები ძვირადღირებულ სასტუმროებში დაგვეხარჯა, არამედ, დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვინც ბანკებიდან სესხები აიღეს, საოჯახო ტიპის სასტუმროები გააკეთეს და დამსვენებლის ნაკლებობას უჩიოდნენ. ძვირადღირებულ სასტუმროებში აქამდე ვინც დადიოდა, ის ისედაც ივლის იქ. ახლა მთავარია, იმ ხალხს კრედიტების გადახდა შევუმსუბუქოთ. მე ასე მესმის.


ავტორი: თამთა დადეშელი