რამდენიმესაათიანი გამოკითხვა დასრულდა - დამენია ამბობს, რომ გაუთქმელობოს დოკუმენტს მოაწერა ხელი

17:42 08-03-2019
48

„რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი აცხადებს, რომ გაუქთმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

განცხადება კახა დამენიამ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც ის დღეს დილიდან იკითხებოდა

დამენიას თქმით, პროკურატურამ ის მოწმის სტატუსით გამოკითხა და კითხვები ეხებოდა კომპანიის ფინანსურ საქმიანობას - „უმთავრესად კითხვები ეხებოდა 2015 წლის დროინდელ შემოსავლებს სარეკლამო დროის და ა.შ.“ – განაცხადა დამენიამ.

დამენია რუსთავი 2-ის ფინანსური დირექტორის 2015 წელს იყო.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, რუსთავი 2-ის 9%-ის წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძისა და ტელეკომპანიის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. გამომძიებლები იმყოფებოდნენ ინტერმედიისა და რუსთავი 2-ის ოფისებშიც და ამოღებულია დოკუმენტაცია.