მშვილდაძე იტყუება, მას არავინ დამუქრებია - პაატა სალია შეხვედრის დეტალებს შიფრავს

21:58 08-02-2019
1185

„პრაიმტაიმის“ მეშვეობით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალი დირექტორი პაატა სალია მიშა მშვილდაძის განცხადებას მუქარის შესახებ პასუხობს და ამბობს, რომ მშვილდაძეს მისი მხრიდან არათუ დაემუქრა ვინმე, არამედ - მინიმუმ წლის ბოლომდე თანამშრომლობაზე მოლაპარაკება შედგა. სალიას ინფორმაციით, მშვილდაძემ მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ამის შემდეგ კი შემთხვევით გაიგო, რომ „ფორმულა კრეატივს“ კუთვნილი ინვენტარი ტერიტორიიდან გაქონდა. ვითარების გასარკევვად პაატა სალია მშვილდაძეს დაეკონტაქტა. თუმცა, ის სალიას სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 „ზაზა გველესიანი  ჩემთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად შეხვდა რუსთავი 2-ის თანამშრომლებს. გვინდოდა კარგი ურთიერთობა შეგენარჩუნებინა, როგორც „ინტერ მედიასთან“, ისე - თანამშრომლებთან. მოგეხსენებათ, მე მარტო მივედი და რუსთავი 2-ის გუნდის არცერთი წევრი სამსახურიდან არ გამიშვია.  „ინტერ მედიას“ მოთხოვნა იყო, მინიმუმ წლის ბოლომდე ფორმულა კრეატივი რუსთავი 2-ში დარჩენილიყო.

„ფორმულა კრეატივს“ ვთხოვე, არხზე დარჩენისთვის, როგორც ბიზნესისთვის ისე შეეხედა. მიშა მშვილდაძემ კვირის ბოლომდე მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. მიუხედავად ამისა, გუშინწინ გავიგე, რომ მათ ოფისიდან გაქონდათ თავიანთი ტექნიკა. შევეცადე დავკავშირებოდი მიშა მშილდაძეს, მაგრამ ის ჩემს ზარებს არ პასუხობს. დღეს კი მოვისმინეთ მისი ცნობილი განცხადება. არანაირი მუქარა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, მშვილდაძე იტყუება. ვერ დავადასტურებ მუქარის ნაწილს. ის უბრალოდ იტყუება.

მოგვიანებით მქონდა მშვილდაძესთან შეხვედრა და თავისი განცხადება ახსნა იმით, რომ პროაქტიურ რეჟიმში გადავიდნენ და ა.შ.  მე არ ვიცი მისი ურთიერთობა პროკურატურასთან და ეს არცაა ჩვენი საქმე. ველოდით მათი მხრიდან ცივილურ მოქმედებებს... ჩვენი სურვილი ამ გუნდთან ურთიერთობის დაძაბვა არ ყოფილა.

მიშა მშვილდაძის განცხადება პოლიტიკურ ხედვას ასახავს.  მისი განცხაებს დაგეგმილი და სპეციალურად გაკეთებულია, რადგან ეს შესაძლოა, არხისთვის დამაზიანებელი იყოს, რადგან იმ საეთერო ბადეში სარეკლამო ჭრა უკვე დაგეგმილი იყო. თუმცა, არ იქნება „ჩემი ცოლის დაქალები“  იქნება რამე სხვა, ალაბთ უკეთესიც.

კეზერაშვილის განცხადებიდან გავიგე, რომ მიშა მშვილდაძე და „ფორმულა კრეატივი“  მასთან გადადის“ - განმარტავს პაატა სალია.

ავტორი: თამარ ბუჩუკური