„არ შეიძლება ყველაფერი ტყუილზე აიგოს“ - რაში დებს ბრალს ნიკა გვარამიას ნინი ქარსელაძე

23:51 08-01-2019
2416

ნინი ქარსელაძე, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს ინტენსიურად ეხმიანება. ამჯერად „პრაიმტაიმთან“ ახალ არხებზეც გააკეთა კომენტარი. ასევე მომღერალი ნიკა გვარამიას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაშვებაში დებს ბრალს.

- ნინი, დავით კეზერაშვილი ახალ არხს აკეთებს, სადაც ფროდაქშენი „ფორმულა კრეატივი“ თავისი პროექტებით იმაუწყებლებს. მათ შორის ამ არხზე გავა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. ხარ ამ მოვლენებით ინფორმირებული?

- ბოლო მოვლენებში ჩართული არ ვარ, მამას გამო... „ჩემი ცოლის დაქალებს“ ვუყურებ, მიყვარს ეს სერიალი. სადაც გავა ყველგან დიდი სიამოვნებით ვიქნები ამ სერიალის მაყურებელი. 

- მახსოვს, ნიკა გვარამიაზე ნაწყენი იყავი. რაზე კონკრეტულად?

- ნიკა იურისტია და ჩემთვის გასაოცარია, როდესაც ის გადაუმოწმებელ ინფორმაციებს უშვებს. მას ედო სტატუსი - ნინი ქარსელაძე და ხათუნა ჟორდანია „რუსთავი 2“-ის აქციაზე იდგნენო. მამა იმ დღეს კომაში ჩავარდა მეორედ. არც აქციაზე დგომის ძალა მქონდა და არც - სურვილი. მამა 20 ივნისის დილას ჩავარდა პირველად კომაში და გათიშულ მდგომარეობაში საავადმყოფოში მივიყვანეთ. 22 დღე საავადმყოფოში იწვა და მის გვერდით ვიყავი. ძალიან მწყინს მსგავსი ცილისწამება, მით უმეტეს როდესაც ის იურისტი ადამიანისგან არის. გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაშვება ძალიან ცუდი ტონია. არ შეიძლება ყველაფერი ტყუილზე აიგოს. როდესაც დაუმსახურებლად მეხებიან, მერე მეც ვპასუხობ. „რუსთავი 2“ ერთი ხელის მოსმით ზაფრავდა ადამიანებს. ყველა ელოდა, აბა, რას მოიტყუებოდნენ. ზუსტად ვიცი, ბევრი მტკნარი სიცრუე გაუშვიათ. მე ბევრ ჟურნალისტთან ვმეგობრობ და იქ მომუშავე ყველა ჟურნალისტს არ ვადანაშაულებ სიცრუის ტირაჟირებაში. მათი ცუდი არასდროს გამიხარდება. 

- მოდი, ლარის გაუფასურებაზეც მითხარი შენი დამოკიდებულება.

- ამას ძალიან განვიცდი. იმედი მაქვს, მალე დარეგულირდება და ეკონომიკის სამინისტრო მიხედავს ამ თემას, რადგან ხალხს კატასტროფულად დაეტყო ლარის ასეთი გაუფასურება.

- გიფიქრია სახელმწიფო სამსახურში მუშაობაზე, ჩინოვნიკობაზე?

- არა, არავითარ შემთხვევაში.

- ახლა რითი ხარ დაკავებული?

- ახლა სასაფლაოზე დავდივარ, მამის ორმოცს ველოდები, მერე, შემოდგომაზე რაღაცეებს ვგეგმავ. სამი ახალი სიმღერა მაქვს. ერთზე კლიპის გადაღებასაც ვგეგმავდი, მაგრამ ჯერჯერობით შევჩერდი...  

 

ავტორი: თამარ გონგაძე