ბანკები ხელისუფლებას აშანტაჟებენ - ჭიჭინაძე ლარის კურსზე

21:49 08-01-2019

ჩვენი მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, დაახლოებით იმ ოროსანი მოსწავლის პასუხს გავს, გაკვეთილი რომ არ იცის, არადა მასწავლებელს გამოძახებული ყავს. იმიტომ რომ, ან აბსოლუტურად ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებები კეთდება, ან ერთი მესიჯური ტიპის- ასე აფასებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებას.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ ბანკები ხელისუფლებას აშანტაჟებენ და ბანკებთან მიმართებაში, პოლიტიკა უნდა გადაიხედოს:

„ბანკებს კი, ამ დროს, სრული კარტბლანში აქვთ და  ხელისუფლებას აშანტაჟებენ და რაც არ უნდა ილაპარაკოს მთავრობამ, ისინი ვერ ერევიან დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში.  ხალხი დღითიდღე ღატაკდება, კარგავს თავის შემოსავალს და ეს შემოსავალი ინაცვლებს ბანკირების ჯიბეებში. ასე რომ, პირველ რიგში, პოლიტიკაა გადასახედი ბანკებთან მიმართებაში.

ისიც პრობლემაა, რომ დღეს  მხოლოდ  ბლუმბერგის სიტემა არეგულირებს სავალუტო კურსს, რაც  ბევრი და დიდი მანიპულაციების საშუალებას აძლევს.

ანუ, ლარის  კურსის ასეთ ცვლილებებს არანაირი კავშირი არა აქვს ეკონომიკურ პროცესებთან. ეს უფრო დაკავშირებულია სპეკულაციურ პროცესებთან და ეს პირველ რიგში სწორედ ბანკების  შემოსავლებში აისახება.

რადგან, წლიდან წლამდე,  სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლები მხოლოდ ბანკებს ეზრდებათ. ამიტომ, მთავრობა უნდა დაფიქრდეს. მისი უფლებამოსილებაა ისეთი ახალი რეგულაციები დაუწესოს ბანკებს, რომელიც მათ ასეთი თავისუფალი მოქმედების საშუალებას აღარ მისცემს.

სხვა შემთხვევაში ვიღებთ იმ შედეგს, რასაც ვიღებთ.  ბანკები იმდენად დიდ მოგებას ნახულობენ, კურსის ასეთი ხშირი და სწრაფი ცვალებადობით, რომ ისინი უბრალოდ დაინტერესებული აღარ არიან ეკონომიკის პირდაპირი ინვესტირებით.

თუნდაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მაგალითს თუ განვიხილავთ, ვნახავთ როგორი დაპირისპირებაა პრეზიდენტის ინსტიტუტს და ფედერალურ სარეზერვო სისტემას შორის. იმიტომ რომ, იქ დღეს ძალიან აქტუალურია ბანკების შეზღუდვის საკითხი და მათი ეკონომიკაზე მორგება.

გავიხსენოთ,  ბოლო დიდი ოცეულის შეკრებაზე წამყვანი ქვეყნების  ლიდერების განცხადებებიც, რომელიც  ასევე შეშფოთების საფუძველს იძლევა. ანუ, მთელი მსოფლიო თუ ცდილობს რომ მოდელი შეცვალოს, ჩვენ აღარ უნდა დავრჩეთ ასეთი უკონტროლო ზონა ბანკებისთვის.

ჩვენც უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, განვახორციელოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, იმისთვის, რომ ბანკები მეტ-ნაკლებად შევზღუდოთ.

მოკლედ,  ხელისუფლება იმიტომაა არჩეული, რომ ემსახუროს ხალხს და არა ბანკირებს“, - აცხადებს ჭიჭინაძე.