პუტინი მინიშნებას გვაძლევს? - რას უკავშირდება აგვისტოს ომის წლისთავზე ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება

13:25 08-01-2019
2515

შავ ზღვაში მასშტაბური წვრთნა იწყება - 6 აგვისტოს ვლადიმერ პუტინი ყირიმში 100-ზე მეტ სამხედრო თვითმფრინავს და ვერტმფრენს აგზავნის.

არსებული ინფორმაციით, წვრთნების ჩასატარებლად რუსეთმა შავი ზღვის თითქმის მეოთხედი - 118 750 კვადრატული კილომეტრი დაბლოკა.

აღსანიშნავია, რომ ფართო მასშტაბის რუსული სამხედრო წვრთნები აგვისტოს ომის მე-11 წლისთავის პერიოდს ემთხვევა. 

უკავშირდება თუ არა სამხედრო წვრთნები აგვისტოს ომს?

ამ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელ ზურაბ აგლაძეს, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის მთავარი რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს და პოლიტიკურ მიმომხილველ ჟურნალისტს ირაკლი ტაბლიაშვილს გავესაუბრეთ.

ზურაბ აგლაძე მიიჩნევს, რომ შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი წვრთნების დაწყება მხოლოდ ძალის დემონსტრირებას ემსახურება და 2008 წლის ომის თარიღთან კავშირში არ არის.

„არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, უბრალოდ ეს ძალის დემონსტრირებაა, იმიტომ რომ ნატოს ჯარებია საქართველოში და სწავლება ტარდება. მას უნდა იმისი ჩვენება, რომ შავ ზღვას რაც შეეხება, მისი ტერიტორია და მისი ექსკლუზიური ზონაა“, - აღნიშნავს ექსპერტი. 

აგლაძე ჰყვება, რომ შავ ზღვაზე ცოტა ხნის წინ ჩატარებულ სამხედრო სწავლების, Sea Breeze 2019-ის დროს, მოხდა ინციდენტი, რა დროსაც რუსული გემები და ნატო-ს მოკავშირეები ზედმეტად მიუახლოვდნენ ერთმანეთს და ეს ფართომასშტაბიანი სწავლება მოსკოვის მხრიდან პასუხია. 

...

„სსრკ-ს დაშლის შემდეგ, თურქეთის ფლოტი იყო ყველაზე ძლიერი შავ ზღვაზე და დღეს პირველობა ისევ რუსეთის ფლოტმა დაიბრუნა“, - ამის შესახებ სამხედრო ჟურნალის უფროსი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ყველაფერი, რასაც პუტინი სამხედრო თვალსაზრისით აკეთებს, ყოველთვის ნატო-ს პასუხია.  

„როდესაც 2008 წელს შემოიჭრა, ეს ბუქარესტის სამიტის პასუხი იყო, როდესაც ნატომ თქვა, რომ საქართველო ოდესღაც შევა ალიანსშიო. ამიტომაც რუსეთის მოხშირებული წვრთნები ეს ყველაფერი განსაზღვრულია იმ გაგებით, რომ მან ანახოს თავისი წესები ნატოს“, - ამბობს ალადაშვილი.

ანალიტიკოსი განმარტავს, რომ როდესაც სწავლება ტარდება ყველა ქვეყანას აქვს უფლება მის მიმდებარე ტერიტორია გამოაცხადოს ზონა ჩაკეტილად, ამიტომ მიმდინარე სწავლების დროს საზღვაო ტერიტორიების ჩაკეტვაც მისაღები მოვლენაა. 

რაც შეეხება აგვისტოს ომს, ალადაშვილი ვერ ამბობს, უკავშირდება თუ არა ეს მაინც და მაინც 2008 წელს.  

„რთულია თქმა. ესეთი სწავლებების დაგეგმვა თვეებით ადრე იგეგმება, და შეიძლება რაღაც არის ამაში მინიშნება, შეიძლება არ არის უბრალოდ ის როცა უნდა მაშინ ატარებს სწავლებას“, - აღნიშნავს ჟურნალი „არსენალის“ რედაქტორი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ სამხედრო სწავლებას შავ ზღვაზე 6 აგვისტოს იწყებს და ის 19 აგვისტომდე გაგრძელდება.

...

„ რა უნდა გააკეთოს საქართველომ? რასაკვირველია, ის ვერ შეაჩერებს და ვერ აკრძალავს სწავლებებს, მაგრამ, ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალურად კარგად უნდა შეაფასოს რისკები და, სადაც შესაძლებელი იქნება, მოახდინოს მათი პრევენცია საერთაშორისო თანამეგობრობის საქმის კურსში ჩაყენებით“, - ამის შესახებ ირაკლი ტაბლიაშვილმა „პრაიმტაიმს“ უპასუხა.

width=600

მისი თქმით, საქართველომ უნდა შეიმუშავოს ერთობლივი სტრატეგია, სულ მცირე უკრაინასთან ერთად და გაეცნოს თურქეთის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.

„საქართველომ უნდა შეიმუშაოს ერთობლივი სტრატეგია მინიმუმ უკრაინასთან ერთად. უნდა გაეცნოს თურქეთის პოზიციას და, ყურადღება გაამახვილოს პრობლემებზე სწორედ თურქეთის პოზიციიდან, თუ აღმოაჩენს, რომ ანკარასაც აქვს კითხვები თუ სიფრთხილეები რუსულ წვრთნებთან დაკავშირებით. უნდა ესაუბროს ალიანსს, რომ უფრო ეფექტურად აღსრულდეს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. მწყობრად და მაქსიმალურად ხმაურიანად ჩაატაროს ის ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნები, რომლებსაც ისედაც ატარებს და მათ შორის, შავ ზღვაზე“, - აღნიშნავს ჟურნალისტი. მისი აზრით, ხელისუფლებამ უნდა მოიწვიოს მნიშვნელოვანი პირები აშშ-დან და ევროპიდან და 2020 წლისთვის გამოწვევებზე კონფერენცია უნდა გამართოს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ სამხედრო სწავლებას შავ ზღვაზე 6 აგვისტოს იწყებს და ის 19 აგვისტომდე გაგრძელდება.

ავტორი: ანეტი მიქელაძე