რა საქმეზე დაიბარეს სასამართლოში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა

23:52 07-31-2019
3394

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თსუ-ში ჩატარებულ ლექტორების შესარჩევ კონკურსს სასამართლო დავა მოჰყვა. თსუ-ს წინააღმდეგ რვა პროფესორ-მასწავლებელია. დეტალების გასარკვევად ერთ-ერთ მოსარჩელეს დავუკავშირდით. ის სასწავლო დაწესებულებაში არსებულ კლანურ მმართველობაზე, მიკერძებულ კომისიასა და თანამშრომლებზე ზეწოლის ფატქებზე საუბრობს. ამ სკანდალში ყველაზე ხმაურიანი სახელი და გვარი ნათია თურნავაა. მას კომისიის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. ეკონომიკის მინისტრი სასამართლოზე მოწმის სტატუსითაა დაბარებული. 

სკანდალური შესარჩევი კონკურსი ლექტორებისთვის 

ეკატერინე გულუა უკვე 22 წელია, რაც ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორია.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა პროფესორ-მასწავლებლების კონკურსი ჩატარდა, რომელსაც სპეციალური კომისია უძღვებოდა. ეკატერინე გულუას ინფორმაციით, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავაა.

ეკატერინე გულუას თქმით, მან სხვა დაზარალებულ ლექტორებთან ერთად საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით სასამართლოს მიმართა. შედეგად პირველ ინსტანციაში ერთი ნაწილი მოიგეს, რომლის მიხედვითაც სასამართლომ განჩინებით დაადასტურა, რომ ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თავმჯდომარეობით კომისიის მირებული გადაწყვეტილებები შესაძლოა გაბათილდეს. 

თსუ-დან სასამართლომდე

„თსუ-ში ჩატარებული კონკურესების გამო მივიჩნიეთ, რომ კომისია არაკომპეტენტურია. პირველ ინსტანციაში ერთი ნაწილი მოვიგეთ, სასამართლომ ფაქტობრივად აღიარა, რომ კონკურსანტმა შექმნა და დააკომპლექტა კომისია, რომელიც რექტორმა დაამტკიცა. კომისიის თავმჯდომარე ახლანდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იყო, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მას არ აქვს საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება. მიკერძოებული დამოკიდებულება აშკარას ხდიდა, თუ რა შედეგი დადგებოდა. აღნიშნულს მხოლოდ პარლამენტარი რევაზ არველაძე გამომეხმაურა და დაადასტურა ჩემი მსჯელობის მართებულობა. როგორც ვიცი, კონკურსებთან დაკავშირებით, ანალოგიური პრობლემები იყო ჰუმანიტარულ ფაკულტეტზეც, მათ საქმეებსაც სასამართლო იხილავს. დიდი ზეწოლა მიდის აკადემიურ პერსონალზე. უნივერსიტეტი კლანური მმართველობის მსხვერპლია. რეალურად თსუ-ს შარვაშიძე-სილაგაძე-ღაღანიძე-პაპავას კლანი მართავს“ - აცხადებს ეკატერინე გულუა.

თსუ-ს პასუხი მოსარჩელე თანამშრომლებს

„პრაიმტაიმი“  თსუ-ს დაუკავშირდა. როგორც დაწესებულებაში განმარტავენ, წინასწარ სასამართლო გადაწყვეტილებაზე საუბარი ნაადრევია.

8  მოსარჩელედან, ეკატერინე გულუას საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად მოსამზადებელ ეტაპზეა, სადაც მხარეებმა  დააყენეს შუამდგომლობები და წარადგინეს მტკიცებულებები. სასამართლოს მიერ მომავალში მისაღები გადაწყვეტილების შინაარსზე ან რაიმე ვერსიაზე კომენტარის გაკეთება ამ ეტაპზე არამართებულია“ - განმარტავენ თსუ-ში.  

მოსარჩელეების ადვოკატი დამოუკიდებელ სასამართლოზე

ამის შემდეგ „პრაიმტაიმი“ მოსარჩელეების ადვოკატს გაესაუბრა. ირმა მახათაძის ინფორმაციით, ითხოვენ კონკურსის შედეგების ბათილობას, ხელახლა ჩატარებას და კომისიის შექმნის საკითხის განხილვას.

„სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია. მალე არსებითი განხილები დაიწყება და მაქვს იმედი, რომ სასამართლო გვერდს ვერ აუვლის იმ უამრავ დარღვევას, რაც თსუ-ში ხდება. რაც შეეხება ნათია თურნავას, ის სასამართლოში მოწმის სახით იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადებულა მოუცლელობის -  ოფიციალური შეხვედრების გამო. იმედი მაქვს, რომ სასამართლო თავისუფალი იქნება პოლიტიკური ელიტის გავლენისაგან და ნათია თურნავა იტყვის იმას, რეალურად რა დარღვევებიცაა თსუ-ში“ - ამბობს ადვოკატი.

უპასუხო კითხვები ეკონომიკის მინისტრისთვის

„პრაიმტაიმი“ ეკონომიკის სამინისტროს იმის გასარკვევად დაუკავშირდა, იზიარებს თუ არა ნათია თურნავა მოსარჩელების პოზიციას და გამოცხადდება თუ არა შემდეგ სხდომაზე. 

უწყებიდან ამ დრომდე კითხვებზე პასუხები არ მიგვიღია. როცა ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიპრაიმტაიმთან პოზიციას დააფიქსირებს, მკითხველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს მინისტრის პასუხებს.  

ავტორი: თამარ ბუჩუკური