გიორგი ქობულია - საქართველოში არსებულ კორუფციაზე, ხაზარაძე-ჯაფარიძეზე, ლარის გაუფასურებასა და ანაკლიის პროექტზე

23:54 07-30-2019
61

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოში არსებულ კორუფციაზე, ხაზარაძე-ჯაფარიძეზე, ლარის გაუფასურებასა და ანაკლიის პროექტზე ისაუბრა.

მისი თქმით, აუცილებლად უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, რაც  შექმნის რეალურად მრავალპარტიულ პარლამენტს. ეს მრავალპარტიული პარლამენტი კი აირჩევს რეალურ მთავრობას, რეალური ხელმძღვანელობით.

„ეს მთავრობა იმედია იქნება პასუხისმგებელი, მრავალპარტიული პარლამენტის მიმართ და მართავს ხალხისთვის. მთავრობამ უნდა მართოს ხალხისთვის და არა ხალხისთვის და თან ცოტა თავისთვის. ეს არის კიდევ ჩვენი პრობლემა - დრო. ხელისუფლებას ჰქონია, რომ შეიძლება მართო ხალხისთვის და თან ცოტა შეიძლება რომ შენთვისაც მართო. ეს ორი ფაქტორი შეუთავსებელია“.

ქობულიას განცხადებით მთავრობამ უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და უნდა უზრუნველყოს ცენტრალური ხელისუფლების უზენაესობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება კორუფციას საქართველოში, ქობულიას თქმით, საქართველოში კორუფცია ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, როგორიც გერმანია, ჰოლანდია და აშშ-ია.

„მინდა ისევ გავიმეორო, რომ კორუფცია არის ყველგან. გააჩნია კორუფციის დონეს. საქართველოში კორუფცია არის ბევრად უფრო მასშტაბური, ვიდრე ის არის გერმანიაში, ჰოლანდიაში ან შეერთებულ შტატებში“, - აღნიშნა ქობულიამ.

„ჩემთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება, რას ედავებიან ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. მთავრობაში ვმუშაობდი და წვდომა მაქვს, მე თუ ვერ გავიგე რას ედავებიან ამ ხალხს, ჩვეულებრივმა საზოგადოებამ როგორ უნდა გაიგოს, ეს მე არ მესმის“ - აცახადებს გიორგი ქობულია. მისი თქმით ხელისუფლებამ და პროკურატურამ უნდა ახსნას მარტივ ენაზე, თუ რას ედავებიან ორ წარმატებულ ბიზნესმენს.

მგონია, რომ ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში პროკურატურამ, კეთილი უნდა ინებოს და პოპულარულ ენაზე აუხსნას საზოგადოებას რას ედავებიან ამ ორ მოწინავე ბიზნესმენს. რა ფულის გათეთრებას და რის გათეთრებას ედავებიან. ჯერ ერთი, ეს არის ძალიან რთული ტერმინი და რა იგულისხმება ამ ტერმინში, იურიდიული თვალსაზრისითაც ძალიან უჭირთ, რომ ახსნან ექსპერტებმა. ის, რაც აღწერილი არის ამ ტრანზაქციაში, მე ვერანაირად ვერ დავაკავშირე ფულის გათეთრებასთან,-აცხადებს ყოფილი მინისტრი.

რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, ქობულია ამბობს, რომ ეროვნული ვალუტა,  შეიძლება კიდევ გაუფასურდეს, თუ არ დაბალანსდა სიტუაცია.  

მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი რუსეთთან კონფლიქტური სიტუაციის გამწვავება და ტურისტების შემცირებაა.

„ყველანაირი ზომა, რომელსაც ახლა მთავრობა მიიღებს, ეს არის რეალურად, ნაცრის შეყრა თვალებში. ვერანაირი ზომა იმ ზარალს, რომელიც ჩვენ მოგვადგა, მოკლე პერიოდში ვერ დააკომპენსირებს. დღეს, ჩვენ რასაც ვხედავთ, ლარის კურსის გაუფასურების ძირითადი ფაქტორი არის ორი: ერთი არის რუსეთთან კომფლიქტური სიტუაციის გამწვავება, ტურისტული ნაკადის შემცირება. აგრეთვე, მომიჯნავე სექტორებში ამ მოვლენამ მოგვაყენა ასევე დიდი ზიანი. აქ სიტუაციის გამძაფრებას მოჰყვა ის, რომ ინვესტორები, რომლებიც ინვესტირებას ახორციელებდნენ საქართველოში, უცხოურ ვალუტაში, ისინიც დაფრთხნენ და უფრო ნაკლები არიან“, - აცხადებს  ქობულია.

მისივე თქმით, არსებობს რისკი, რომ საქართველომ რუსეთიდან მილიონნახევრამდე საშუალოზე უფრო მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტი დაკარგოს.

„რუსეთიდან შარშან შემოვიდა მილიონნახევარი ტურისტი და ყველა ეს მილიონნახევარი ტურისტი, არის, საშუალოზე უფრო მაღალი გადამხდელუნარიანი. სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ტურისტები არ არიან მაღალგადამხდელუნარიანები. ბევრად დაბალგადამხდელუნარიანები არიან, ვიდრე რუსი ტურისტები. ამიტომ ჩვენ გვაქვს რისკი, რომ დავკარგოთ მილიონნახევრამდე, საშუალოზე უფრო მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტი რუსეთიდან. ამის კომპენსირება ამ მთავრობას კი არა, ვერც ერთ მთავრობას ვერ ძალუძს. ამ მთავრობას მით უმეტეს. ვერასდროს ვერ გააკეთებენ ამის კომპენსირებას“, - განაცხადა ქობულიამ.

„იბიარდის“ ხელმძღვანელმა ბრუნო ბალვანერამ თქვა, რადგან ჩვენ ვერ დავრწმუნდით, რომ ეს პროექტი ეკონომიკურად კარგია, ამიტომ ვითხოვთ სახელმწიფო გარანტიებს, - აცხადებს გიორგი ქობულია. მისი თქმით თავად მინისტრობის პერიოდშიც არ იყო ანაკლიის პორტის პროექტის მოწინააღმდეგე, უბრალოდ მას სურდა, მოეძიებინა მტკიცებულება, რამდენად არის პროექტი ეკონომიკურად გამართლებული და როგორ წაადგებოდა ქვეყანას.

მე არაერთხელ შევხვდი კონსორციუმის ხელმძღვანელობას, ლევან ახვლედიანს, ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესაც შევხვდი, მაგრამ უფრო ნაკლებად. მათი ვალდებულება კონტრაქტის მიხედვით იყო, რომ მოეძიებინათ ინვესტორები და შემოეტანათ 100 მილიონი კაპიტალი. მე არ ვიცი, დღეს რა მდგომარეობაა, მაგრამ ჩემი მინისტრობის პერიოდში იმის საბუთი, რომ ეს 100 მილიონი არის შეგროვებული, მე ვერ ვნახე. მათთან არანაირი პრეტენზია და ნეგატივი არ მექნებოდა და არ მაქვს, უბრალოდ თუ მათ შეგროვებული აქვთ ეს 100 მილიონი, ამის საბუთი მოიტანონ, ეს ძალიან ძლიერი ბერკეტი იქნება მათ ხელში, რომ წინ წაწიონ პროექტი. პირველი, რასაც ვურჩევდი არის ის, რომ მოიტანონ 100 მილიონი, შეგროვებული კაპიტალის დასაბუთებული დოკუმენტი. მისი თქმით, მისი, პრემიერ-მინისტრის და კონსორციუმის წარმომადგენლებს შორის ოფიციალურ შეხვედრაზე, „იბიარდის“ ხელმძღვანელმა გამოთქვა პრეტენზია, რომ მას სურდა მიეღო სუვერენული გარანტიები. ქობულიას თქმით, „იბიარდის“ ხელმძღვანელმა აღნიშნულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მათ ვერ ნახეს პორტის ტვირთბრუნვების დამადასტურებელი ანალიზი. ამასთან, ქობულია ირწმუნება, რომ რადგან ფინანსური ინსტიტუტები, ინვესტორები ვერ დარწმუნდნენ, რომ პორტი ეკონომიკურად კარგია, ისინი ამიტომ ითხოვდნენ სახელმწიფო გარანტიებს, რათა მათ მიერ გაცემული სესხები შემდგომში უკან დაბრუნებოდათ.

იბიარდის ხელმძღვანელმა წარადგინა ერთ-ერთი პრეტენზია და თქვა, რომ ჩვენ გვინდა მივიღოთ სუვერენული გარანტიები. რადგან ჩვენ ვერ ვნახეთ ამ პორტის ტვირთბრუნვების დამადასტურებელი ანალიზი, ჩვენ შევუკვეთეთ ჩვენი ანალიზი და ჩვენი ანალიზი მეტყველებდა იმაზე, რომ ამ პორტებს აქვს ძალიან დიდი რისკები ტვირთების მოზიდვაზე, რაც მათ უწერიათ ბიზნესგეგმაშიო. ბალვანერამ თქვა, რომ რადგანაც ჩვენ ვერ დავრწმუნდით, რომ ეს პროექტი ეკონომიკურად კარგია, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფო გარანტიებს,-აცხადებს ქობულია.