უკრაინაში რუსების მიერ მეზღვაურებთან ერთად დაკავებული ძაღლი დააბრუნეს

19:44 07-29-2019

ძაღლი სახელად ჯესი, რომელიც იმ „იან კაპუს“ ბორტზე იმყოფებოდა, რუცა რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინელი მეზღვაურები დააკავეს, სამშობლოში დააბრუნეს. ამის შესახებ Facebook-ზე ადვოკატი ანასტასია გეორგიევსკაია წერს.

მისი თქმით, 1 წლის ლეკვის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები თითქმის 5 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

უკრაინული გემების დაკავების დროს, ძაღლი 3 თვის იყო. ის რუსმა მესაზღვრეებმა იპოვეს და გადაწყვიტეს, ქერჩში, მათ ნაწილში დაეტოვებინათ.

ადვოკატი ნიკოლაი პოლოზოვი აცხადებს, რომ იურისტებმა ჯესის შესახებ დაკავებული მეზღვაურებისგან შეიტყვეს, რომლებმაც მისი გათავისუფლება ითხოვეს.

„არ იყო მარტივი, მაგრამ მეზღვაურების თხოვნის შესრულება მაინც მოხერხდა“, - ამბობს ადვოკატი.

ამ დროისთვის რუსეთში უკრაინელი 22 მეზღვაური და 2 სპეცსამსახურის თანამშრომელი სამხედრო ტყვეებად რჩებიან. მათ ბრალად ედებათ საზღვრის უკანონო გადაკვეთა. 

უკრაინა მათ დაბრუნებას მოითხოვს. იგივეს ითხოვს გაეროც, თუმცდა ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ეს საკითხი ამ ორგანიზაციის იურისდიქცია არ არის.