მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

18:41 07-28-2019

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა. 

მისივე თქმით, სასამართლოს განჩინება დასაბუთებას მოკლებულია.

„სამწუხაროდ, სასამართლომ განჩინება ჩაგვაბარა მხოლოდ დღეს, დილის 11:00 საათზე და გასაჩივრებისთვის გამოყოფილი 48 საათიდან მხოლოდ რვა საათი დაგვრჩა, მით უმეტეს 18:00 საათზე კანცელარია იკეტება სასამართლოში. თვითონ განჩინებაში, რაც არ უნდა უცნაური იყოს, საერთოდ არ არის დასაბუთებული მსჯელობა. დაცვის მხარის პოზიციებს განჩინებაში აქვს მხოლოდ ერთი აბზაცი მიძღვნილი და იმაზეც არ არის პასუხი გაცემული. ყველაფერი გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, “ - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათასლარიან გირაოსთან ერთად, გამოძიების გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება შეეზღუდათ.

ბრალდებულების ადვოკატი ამ გადაწყვეტილების ორივე ნაწილს ასაჩივრებს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.