შსს ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

23:03 07-27-2019
50

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ ხუთმა ადამიანმა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფები და მედიკოსები თბილისიდან ჩავიდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრუწლოვანია.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.