ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

21:11 07-27-2019
2576

ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და ორგანიზებაში ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. წინასწარი პატიმრობა შეეფარდა მასთან ერთად ბრალდებულ კიდევ ორ პირს. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 სექტემბერს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე, 25 ივლისს დააკავეს.

„ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას.“ აცხადებენ შსს-ში.