კონფლიქტი სენაკის მერიაში - თანამშრომელი უფროსის მოადგილეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

16:36 07-27-2019

სენაკის მერიის აიპის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის თანამშრომელმა მზია გადელიამ სამსახურის უფროსის მოადგილეს დავით ჭითავას უჩივლა.

მან „პრაიმტაიმს“ განუცხადა, რომ დირექტორის მოადგილე დავით ჭითავასთან ინციდენტი 19 ივლისს მოუვიდა. კერძოდ კი მიიღო ხელის მტევნის დაბეჟილობა.

„სამუშაო ოთახში ვიჯექი, როცა შემოვარდა იგი და მიყვიროდა, ადექი და ჩემს ოთახში წამოდი უნდა ვილაპარაკოთო, მე ვუთხარი არაფერი არ მაქვს შენთან სალაპარაკო, ის კი მიყვიროდა და ქურდს მეძახდა, თითქოს მე სასაფლაოს მიწები გავყიდე. რომ არ ავდექი, ჭითავამ მქაჩა მაჯაზე, როცა წავართვი ხელი, ისე დამარტყმევინა მაგიდაზე, რომ საშინელი ტკივილი ვიგრძენი. სიმწრისგან კივილი დავიწყე. ის კიდევ იწევდა ჩემსკენ, თანამშრომლები ჩაერივნენ და გაიყვანეს. დავრეკე სასწრაფოში, რომელსაც მოჰყვა პოლიცია,ბუნებრივია პოლიციას მივეცი ჩვენება და ველოდები შესაბამის რეაგირებას,ამ ფაქტს არანაირად არ დავთმობ,ეს არ იყო მისი მხრიდან პირველი შემთხვევა“, - ამბობს მზია გადელია.

გადელია ამტკიცებს, რომ ჭითავასთან კონფლიქტი მანამდეც ჰქონდა სხვადასხვა საკითხების გამო.

„არცერთი პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ არ ვარ მომხრე ამ ხელისუფლების და მუდამ ვლაპარაკობ ჩემს სათქმელს. ჭითავა კი სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ბერაიას ახლობელია და სწორედ ის ბერაია ლობირებს მას“, - ამბობს მზია გადელია.

თავის მხრივ, დავით ჭითავა ამბობს, რომ მომხდარზე კომენტარს არ გააკეთებს.

„გამოძიება დაადგენს რა და როგორ იყო.დავიკითხე პოლიციის განყოფილებაში. მე კომენტარს არ გავაკეთებ. რასაც ჩემზე ყვება ყველაფერი სიცრუეა, მათ შორის ისიც, რომ დეპუტატის ირაკლი ბერაიას ნათესავი ვარ,თქვენ გინდათ მაინც გამაკეთებინოთ კომენტარი,გაიკითხეთ ამ ქალზე რა ინტრიგანიცაა,მე კი დაველოდები გამოძიებას“, - ამბობს დავით ჭითავა.

სამსახურის ხელმძღვანელის ბადრი მამულიას თქმით, ინცინდენტის შემდეგ ორივე თანამშრომელი სამსახურში რჩება და აგრძელებს მუშაობას.თავად კი ამბობს,რომ კონფლიქტის დროს სამსახურში არ იმყოფებოდა.შს-ში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს,რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით,რაც ძალადობას გულისხმობს.

ავტორი: თეა შონია