არდადეგებზე საკითხავი 8 საუკეთესო წიგნი თინეიჯერებისთვის

14:06 07-27-2019
477

ამბობენ, რომ ადამიანი ყველაზე ბევრ წიგნს თინეიჯერობისა და სტუდენტობის ასაკში კითხულობს, რაშიც მათ განსაკუთრებულად უწყობს ხელს თავისუფალი დრო, რაც ზაფხულისა თუ ზამთრის არდადეგების მთავარი ხიბლია. ყოველდღიური მეცადინეობის რუტინისგან გათავისფლებულ თინეიჯერებს შეგიძლიათ ჰამაკში, შეზლონგზე, აივანზე მოკალათდეთ და ჩვენ მიერ საგანგებოდ თქვენთვის შერჩეული წიგნების კითხვის კვალდაკვალ თავი სრულიად განსხვავებულ და ამასთან ძალიან საინტერესო სამყაროში ამოყოთ.

თინეიჯერებისთვის შერჩეული არდადეგებზე საკითხავი რვა რჩეული წიგნი მოიცავს, როგორც ქართველი ავტორების ბოლოდროინდელ გამოცემებს, ისე თარგმნილ ლიტერატურას. შევეცადეთ ჟანრობრივადაც ისეთი ლიტერატურა შეგვერჩია, ყველა ტიპის მკითხველის გემოვნებას რომ დააკმაყოფილებდა: თინეიჯერული რომანები, ფენტეზი, კლასიკა, გრაფიკული რომანები. ახლა უკვე არჩევანი თქვენზეა!

 1. სული-ჩიტი“ – თამარ გეგეშიძე

სერიით „გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“ გამოცემული სული-ჩიტითამარ გეგეშიძის წარმატებული მასწავლებლისსადებიუტო რომანია, ქართველი ავტორის მიერ მოზარდებისთვის შექმნილი ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე წიგნი.

ლუკა თავიდან ყველას შეიძლება ერთი ჩვეულებრივი, თერთმეტი წლის ბიჭი გეგონოთ, მაგრამ იგი სულაც არ ფიქრობს ასე და მიაჩნია, რომ მისი კარგად გაცნობაა საჭირო. ერთ მშვენიერ დღეს, ლუკა და მისი ახლო მეგობრები გადაწყვეტენ ცის ფრინველებიდან თავისი, საკუთარი ჩიტი ამოირჩიონ, ის, რომელიც მათი სული გახდება და მას შემდეგ, თითოეულ მათგანს, თავისი სული-ჩიტი ეყოლება. თუმცა, სულ-ჩიტებსაც კი შეიძლება სხვა სკოლიდან გადმოსულმა ახალმა თანაკლასელმა მოულოდნელად სიმშვიდე და ჰარმონია დაურღვიოს ისე, რომ ვეღარც შინ პოულობდნენ მოსვენებას, ვერც გაკვეთილზე და ვერც თუნდაც ერთმანეთის დაბადებისდღეებზე.

შეძლებენ დაქსაქსული კლასელები ისევ გამონახონ საერთო ენა? ლუკას მშობლები, მთელ დღეებს სამსახურში რომ ატარებენ, მოახერხებენ შვილის გულის ისევ მოგებას? ან ყველასთვის საყვარელ მარიკა მასწავლებელს თუ შესწევს ძალა, ბევრი ცუდი ამბისგან ყურებჩამოყრილ მოსწავლეებს ისევ შეასხას ფრთები

გაკვეთილების შემდეგ საკითხავისსერიით გამოცემულ ახალ წიგნში ამ და ბევრ სხვა შეკითხვაზე იპოვით პასუხს, რაც სასარგებლო გამოცდილება იქნება, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.

2. "ორსის ორდენის სამხეცე" – ნატო დავითაშვილი


ნატო დავითაშვილის რომანი, "ორსის ორდენის სამხეცე", რომელიც სერია „ფანტასტიკური ბიბლიოთეკის“ ფარგლებში გამოიცა, სამეცნიერო ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება და შეიცავს, როგორც ფენტეზის, ასევე სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებს. ნატო დავითაშვილს ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს "იროელის ქრონიკებითა" და "მთვარის შვილობილებით".

"ორსის ორდენის სამხეცეში“ ნატო დავითაშვილის სხვა ნაწარმოებებიდან შემთხვევით გადმოსულ საყვარელ გმირსაც შეხვდებით.

ორსის სისტემაში ოცდაოთხი სამყაროს შესაყარზე მდებარეობს ორსის ორდენი, რომლის მთავარი ფუნქციაც ამ სამყაროებისთვის უნიკალური უნარების მქონე ნივთების დამზადებაა. ამ, ზოგჯერ ზებუნებრივი თვისებების მქონე, ნივთებმა წესით ადამიანთა ცხოვრება უნდა გაამარტივოს და გააუმჯობესოს, მაგრამ არის კი მზად ორსის სამყარო, ორდენის მიღწევები დანიშნულებისამებრ გამოიყენოს?! ვინ არის შედეგებზე პასუხისმგებელი: ნივთების დამკვეთი და მეპატრონე, თუ მათი შემქმნელი?

3. „ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ჰარპერ ლი

შესანიშნავი ამერიკელი მწერლის ჰარპერ ლის რომანი „ნუ მოკლავ ჯაფარას“, რომელიც 1960 წელს გამოიცა, ამერიკული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა. მას დღემდე ფართოდ კითხულობენ ამერიკულ სკოლებსა და კოლეჯებში და მთელ მსოფლიოში უამრავი თინეიჯერის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია.

"ნუ მოკლავ ჯაფარას", რომელიც ქართულ ენაზე ლელა დუმბაძემ თარგმნა, თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

4. "შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ" – ასტრიდ ლინდგრენი

ასტრიდ ლინდგრენის არაჩვეულებრივ პერსონაჟებს, პეპის, კარლსონს და სხვა დანარჩენებს თითოეული ჩვენგანი შესანიშნავად იცნობს ჩვენი ბავშვობის საყვარელი წიგნებიდან, თუმცა „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ სრულიად განსხვავებული წიგნია და ლინდგრენისა და 12 წლის გოგონას მეგობრობის შესანიშნავ ამბავს გვიყვება.

1971 წლის აპრილში 12 წლის შვედი გოგო, სარა იუნგკრანცი, პირველ, ძალზე გაბედულ და პირდაპირ წერილს სწერს თავის თანამემამულეს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და საყვარელ საბავშვო მწერალს, ასტრიდ ლინდგრენს. სარა იმედოვნებს, რომ ცნობილი მწერალი მას ფილმ თეთრ ქვაშიფიდელის როლზე სასინჯ გადაღებებში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება. ცნობილი მწერალი იმდენად მკვახე წერილით პასუხობს, რომ სარა მას ნაკუწებად აქცევს და ტუალეტში ჩარეცხავს. მოგვიანებით კი კიდევ ერთ, უფრო გაწონასწორებულ და თბილ წერილს მისწერს, რომელიც მათი მრავალწლიანი გაბმული მიმოწერის დასაწყისი გახდება. ამ მიმოწერის ყველაზე აქტიური ფაზა სარას ცხოვრების ურთულეს და პრობლემებით სავსე ხანას ემთხვევა. მწერალი თავისი თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. 1971 წლიდან 2002 წლამდე მათ ერთმანეთს 80 წერილი მისწერეს, რომელიც ლიტერატურათმცოდნე და ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმის ბიბლიოთეკარმა, ლენატორნკვისტმა, ასტრიდ ლინდგრენის არქივში მოაგროვა და ერთ წიგნად გამოსცა. წიგნი შვედური ენიდან ლიკა ჩაფიძემ თარგმნა.

5. "ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის" (წიგნი 2) – ელენა ფავილი, ფრანჩესკა კავალო

მას შემდეგ, რაც არაჩვეულებრივმა წიგნმა „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ არაერთი მკითხველის გული მოიგო, მთარგმნელმა სალომე ბენიძემ ამ წიგნის მეორე ნაწილიც შემოგვთავაზა. პირველი ტომის მსგავსად, მეორე ნაწილიც აერთიანებს 100 არაჩვეულებრივი ქალის ამბავს. ეს წიგნი მთელი მსოფლიოს გოგონებს შთააგონებს, თამამად იოცნებონ, დიადი მიზნები დაისახონ და მედგრად იბრძოლონ მათ მისაღწევად. დედოფლების, მშვიდობისთვის მებრძოლების, ბალერინების, მეკობრეების, ასტრონავტებისა და გამომგონებლების ცხოვრების შთამბეჭდავი ისტორიები გულგრილს არავის დატოვებს.

6. "მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ – ემა ვიგოდსკაია

"მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ ქართულ ენაზე გაბრიელ გარსია მარკესის რომანის "მარტოობის ასი წელი“ ლეგენდარულმა მთრგმნელმა, ელზა ახვლედიანმა თრგმნა. გთავაზობთ ფრაგმენტს მისი წინასიტყვაობიდან, რომელიც სერვანტესის ცხოვრების ისტორიის წიგნად ქცეულ შესანიშნავ ვერსიას დაურთო:

"ჩემო პატარა მეგობრებო (არა მხოლოდ პატარებო!), ეს წიგნი საგანგებოდ თქვენთვის ვთარგმნე. ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე“ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაიწერა და ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია დიდი მწერლის – მიგელ დე სერვანტეს საავედრას (1547-1616) რომანტიკულ-ტრაგიკული ცხოვრების შესახებ. სერვანტესმა ბევრი განსაცდელი გადაიტანა – ბრძოლები, ტყვეობა, წამება, დაცინვა, სიღარიბე – მაგრამ არ გაბოროტებულა, გულში სიძულვილი, სიავე არ ჩაუდვია და მთელი მსოფლიოს ყველა დროის მკითხველს დაუტოვა სწორედ ამ სულისკვეთებით გამსჭვალული, უბერებელი წიგნი „დონ კიხოტე“.

წიგნი ილუსტრირებულია სოფო კირთაძის მიერ.

7. "პერსეპოლისი" – მარჯან სატრაპი

"პერსეპოლისი“ ქართულ ენაზე მიხეილ ციხელაშვილის მიერ თარგმნილი გრაფიკული რომანია, რომელშიც ირანელი მწერალი და მხატვარი მარჯან სატრაპი ბრწყინვალე ილუსტრაციებითა და უშუალო იუმორით სავსე ტექსტით საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს და გვიჩვენებს მეამბოხე ირანელი გოგონას ყოფას ისლამისტურ ირანსა და ევროპაში.

მარჯანის ბავშვობა ირანის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს, შაჰის ჩამოგდებას, ისლამურ რევოლუციასა და ერაყთან ომს ემთხვევა. იგი თავისი ოჯახის ყოველდღიურობის მაგალითზე გვიჩვენებს იმ უფსკრულს, რომელიც ირანის განათლებულ საზოგადოებასა და რელიგიურ ლიდერებს შორის გაჩნდა. გოგონას ცხოვრებაზე პირდაპირ თუ ირიბად აისახება ისლამისტური რეპრესიები, ომი, რელიგიური პოლიციის ტერორი, ეს ყველაფერი კი მის მშობლებს შვილის ვენაში გაგზავნას გადააწყვეტინებს. თუმცა ევროპულ კულტურასთან ორგანულად შერწყმის ამაო ცდა და მარცხი გოგონას სამშობლოში აბრუნებს.

„პერსეპოლისმა“ გამოქვეყნებისთანავე დაიმსახურა მკითხველის სიყვარული, რის შემდეგაც 30-მდე ენაზე ითარგმნა. 2007 წელს რომანის მიხედვით გადაიღეს ანიმაციური ფილმი, რომელმაც კანის კინოფესტივალზე ჟიურის მთავარი პრიზი დაიმსახურა.

8. "გაბო" – ოსკარ პანტოხა, მიგელ ბუსტოსი, ფილიპე კამარგო როხასი, ტატიანა კორდობა

ბრწყინვალე ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი „გაბო“ გრაფიკული რომანია გაბრიელ გარსია მარკესის შთამბეჭდავი ცხოვრების შესახებ. ამ წიგნის მიზანია, გრაფიკის მეშვეობით გააცნოს მკითხველს ის ცხოვრებისეული ეპოპეა, რამაც პატარა არაკატაკელი ბიჭი ლიტერატურის ცოცხალ ლეგენდად აქცია.

„წიგნი, რომელსაც შეუძლია ბავშვი მწერლად აქციოს“ – დიარიო დე ტიემპო. კოლუმბია.

„კომიქსების წიგნი, რომელიც ახალგაზრდებს კოლუმბიელ ნობელის პრემიის ლაურეატის სიდიადეს აზიარებს“ – დიარიო დე სტამპა. იტალია.

„ეს წიგნი, ყდიდან დაწყებული, ნამდვილი ლიტერატურაა. წიგნის იმპერია უტევს“ – დარიო დე ესპეკტადორი. კოლუმბია.

„მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის ცხოვრების გზის ამსახველი გრაფიკული შედევრი“ – პრენსა ლატინა. კუბა.

„გაბო კოლუმბიელი სუპერ-გმირია“ – დიარიო დე მაგდალენა. კოლუმბია.

 

ავტორი: გვანცა ჯობავა