შესაძლებელია მოლაპარაკებები აწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით - თალაკვაძე ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე

13:49 07-27-2019

დღევანდელი მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარება იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერი მოლაპარაკებები აწარმოო კომუნიკაციების და ტექნოლოგიების გამოყენებით -აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებისთვის სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვის შეფასებისას.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე, საზღვარგარეთ გასვლა ეკრძალებათ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ მათ ქვეყნის დატოვება აეკრძალათ.

მისივე თქმით, როგორც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, ისე სახელმწიფოს ინტერესია, რომ საქმეზე სამართლაწარმოება დროულად ამოიწუროს.

„ჯერჯერობით არ გვაქვს ფაქტი, სადაც მათ ითხოვეს საზღვარგარეთ გასვლა და უარი ეთქვათ და მეორე - დღევანდელი მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარება იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერი მოლაპარაკებები აწარმოო კომუნიკაციების და ტექნოლოგიების გამოყენებით, ტელე-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებითაც. მე არ ვურჩევ მათ ან ვინმეს, რომ მაინცდამაინც ეს გამოიყენონ, მაგრამ ეს ორი ფაქტორი აქ მნიშვნელოვანია და საზოგადოებას ობიექტურად უნდა ვუთხრათ ორივე შესაძლებლობა

ერთი წლის წინ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები ამ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, როგორც ხაზარაძის და ჯაფარიძის, ისე სახელმწიფოს ინტერესებში შედის და უნდა შედიოდეს ის, რომ ეს საქმე და ამ საქმეზე სამართალწარმოება ამოიწუროს დროულად. ამიტომ აქ ბუნებრივი გონივრული ვადები, საჯაროობა, რომელსაც იცავს პროკურატურა და სახელმწიფო არის აუცილებელი კომპონენტი, რომ საზოგადოებამ იცოდეს და იყოს პროცესი გამჭვირვალე. დანარჩენს გვიჩვენებს სასამართლო პროცესი, სადაც მხარეთა შეჯიბრებითობა დაცულია და ბუნებრივია, ჩვენ ყველანი ვნახავთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოო ჯამში სასამართლო.

რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, აეროპორტებს და ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ და ვაშენებთ, ეს არის ხელისუფლების და მთავრობის საქმე. ეს არის თანამშრომლობა კერძო სექტორთან და ინვესტორებთან. არც ერთ შემთხვევაში საქართველოს მომავალი განვითარება და არც ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ უკავშირდება მხოლოდ ერთ ადამიანს და რა თქმა უნდა, არ არის გარანტირებული მხოლოდ ერთი ადამიანის მხრიდან. ეს არის ინსტიტუციური პროექტები. ამ პროექტებზე ლიდერობა აქვს სახელმწიფოს. ანაკლიის პროექტი სახელმწიფომ დაიწყო. შესაბამისად, მისი დაყვანა საჯარო დისკუსიაში, რომელიმე ერთ პიროვნებაზე, პარლამენტში, ოპოზიციაში თუ კერძო სექტორში, ვფიქრობ, არის სპეკულაცია“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.