თუ არ გაათავისუფლებენ, ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული - მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებაზე

13:08 07-27-2019

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ძმისშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას მიმართა. 

მაჩალიკაშვილის თქმით, ჰუსეინ (მორის) მაჩალიკაშვილის დაკავება არის ხელისუფლების შურისძიება იმის გამო, რომ მან კარავი დადგა პარლამენტთან.

„გველი იკბინება ყველაზე მაგრად, როცა გრძნობს სიკვდილს - ამ პოზიციაშია ხელისუფლება, ამ ჯოხს ტეხავენ ჩემს კისერზე იმიტომ, რომ ამდენი სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს და მე არ ვტყდები, ამ პოზიციას არ ვთმობ. მეც იგივე პოზიციაში აღმოვჩნდები და საბოლოოდ მომიწევს რაღაც მოვიმოქმედო, იქამდე მე თხოვნით მივმართავ დღევანდელ ხელისუფლებას: ნუ შეეცდებით ბოლომდე მდგომარეობიდან გამომიყვანოთ. რაც ჩაიდინეთ სისხლიანი დანაშაული, ის მოინელეთ ჯერ და იქ გამეცით პასუხი, ის ადამიანები დასაჯეთ, მის მერე თუ გინდათ მე დამსაჯეთ, ვინც გინდათ ის. ახალგაზრდა ბავშვი, რომელიც თემირლანის ადგილას მყავს, ის გამოუშვით და მე დამაკავეთ, არ არის ის დამნაშავე. მისი დაკავება არის ამ კარავზე შურისძიება, ეს არის პირდაპირი შურისძიება. კადრები არ მინახავს, მაგრამ იმ დღეს აქ რაც ხდებოდა ყველაფერს ვხედავდი. ყველა ის ადამიანი, ვინც აქ იყო მოსული 20 ივნისს, ამ ამბით შოკში იყო, ზოგმა არ იცოდა რას აკეთებდა და იყო ყველა ერთიანად გამწარებული. ჰუსეინის(მორისის) დაკავებით დღეს ცდილობენ, რომ წელში გამტეხონ, ჰუსეინი კი არა, მთელი ჩემი ოჯახი რომ ამობუგონ, ვერ გამტეხენ.

ჩემი საქმიდან გამომდინარე, სრულ უნდობლობას ვუცხადებ შსს-საც, პროკურატურასაც და სასამართლოსაც. თუ როგორ ცდილობენ ჩემ საქმეზე ყველაფრის გაპრავებას გადაფარვას. მე უბრალოდ შოკში ვარ. როგორ უნდა მივმართო, ან რა უნდა ვუთხრა დღევანდელ ხელისუფლებას. ესენი რას ჩადიან, საიდან მოვიდნენ. გეუბნებით მართლა შოკში ვარ. იმედი მაქვს, დღეს მორის მაჩალიკაშვილს გაათავისუფლებენ. თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას უშვებენ. ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული“ განუცხადა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ მორის მაჩალიკაშვილი გუშინ, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავა:

„1993 წელს დაბადებული მ.მ., ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში.“ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში