მესტიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო

12:40 07-27-2019
32

მესტიაში, ლეხზირის ხეობასა და მულახში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამასთან, როგორც იგი ამბობს, დაზიანებული წყლის მილები დაათვალიერეს წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა და სავარაუდოდ, დაბა მესტიას წყლის მიწოდება ხვალ აღუდგება.

„დაზიანებები შეამოწმეს სპეციალისტებმა და ელოდებიან ტექნიკას სამუშაოების დასაწყებად. ვფიქრობთ, რომ ხვალისთვის აღუდგება მოსახლეობას წყლის მიწოდება. ასევე, ადგილზე მუშაობს უკვე მძიმე ტექნიკა და კიდევ ველოდებით. მულახში გადასასვლელი ხიდი აღდგენილია, თუმცა ახლა აქ მძიმე ტექნიკამ უნდა გაიაროს, რათა მდინარე კალაპოტში მოაქციონ“ - აღნიშნა მან.

ხეობაში, ჰესის მიმდებარედ, ტურისტულ მარშუტზე გადაადგილება შეზღუდულია. მერის თქმით, მოძრაობა მანამ არ აღდგება, სანამ ადგილს გეოლოგები და სპეციალისტები არ შეისწავლიან. რაც შეეხება ზარალს, მისი ოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.

„ცალკეა ზარალი, რომელიც ჩვენ, ინფრასტრუქტურულად მოგვადგა, ასევე, ჩვენს მოსახლეობას და ცალკე ზარალი, რომელიც ჰესს მიადგა“- ამბობს მერი.

მისი ინფორმაციით,ამ დროისთვის ადგილზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან და სიტუაციას ადგილზე ეცნობიან.

ავტორი: თეა შონია