ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

10:43 07-27-2019
256

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. 

როგორც მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განაცხადა, ოქრუაშვილს პოზიცია არ შეუცვლია და ის დანაშაულს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე 25 ივლისს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში.