აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები ძალადობრივი ქმედების გამო დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ

21:35 07-26-2019
73

„დაკავებულთა რიგებში არიან ადამიანები, რომელთაც წარსულში არანაირი ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებიათ“, - აქცია „სირცხვილია“ ორგანიზატორები 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვენ.

„მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები არავითარ საფრთხეს არ უქმნიან სამოქალაქო საზოგადოებას, არ არსებობს მათი დაკავების არანაირი საჭიროება და თავისუფლადაა შესაძლებელი, სასამართლო პროცესამდე მათი სახლში გაშვება. ამ პირთა პატიმრობა შურისძიებას ჰგავს - შურისძიებას იმისთვის, რომ ხელისუფლებას გავრილოვის ფიანდაზით მასპინძლობა ვერ აპატიეს“, - წერია ორგანიზატორების საგანგებო განცხადებაში.

უცლელი რჩება მათი მთავარი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეტა მინისტრი გიორგი გახარია.

„მოვითხოვთ, რომ “გავრილოვის ღამის” მთავარი დამნაშავე და შემოქმედი, შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ისევ ჩვენი გადასახადებით იღებს ხელფასს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. ეს გაზრდის გამოძიების წნეხის გარეშე ჩატარების ალბათობას და დატოვებს ნაკლებ კითხვას საზოგადოებაში, მიმდინარე მოვლენებისა და გამოძიების სამართლიანობასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ „სირცხვილიას“ ორგანიზატორები.