ეროვნული ბანკი ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ „თიბისი ბანკის ჯგუფში“ თანამდებობების დატოვებას მიესალმება

21:13 07-26-2019

საქართველოს ეროვნული ბანკი დადებითად აფასებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებას, დატოვონ დაკავებული თანამდებობები „თიბისი ბანკის ჯგუფში“.

„საქართველოს ეროვნული ბანკი, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დადებითად აფასებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებას, დატოვონ დაკავებული თანამდებობები TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოში (თიბისი ბანკის 100%-იანი აქციონერი ლონდონში).

საქართველოს ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. ის ძლიერი და მდგრადი ფინანსური ინსტიტუტია. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიმდინარე წლის აპრილიდან აღარ არიან უშუალოდ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და განვითარებული მოვლენები ბანკის ოპერაციებზე გავლენას არ მოახდენს“, – წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს  წარედგინათ ბრალი ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

დღეს თითოეულ მათგანს 700-ათასლარიანი გირაო შეეფარდათ.