ძალიან ცუდად იქცევით დღევანდელი ნაძირალა სისტემა - მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებაზე

20:12 07-26-2019
380

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალური ქსელში საკუთარი ძმისშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ის წერს, მორის მაჩალიკაშვილი უდანაშაულოა.

„ამ წუთას შემატყობინეს, ჩემი ალალი ძმისშვილი, რომელიც მყავს ჩემი უდანაშაულოდ მძინარე საწოლში მოკლული თემირლანის ადგილას, ამ ბოროტი სისტემის მიერ იქნა დაკავებული. ედავებიან 225 მეორე ნაწილს. ძალიან ცუდად იქცევით დღევანდელი ნაძირალა სისტემა,“ - წერს მაჩალიკაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს 2 პირი დააკავა. 

დაკავებული 2 პირიდან, ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილია.

საქმე სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.

შეგახსენებთ, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტული აქტის გზით რამდენიმე პირის, მათ შორის სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მალხაზ მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს და მაჩხაანის სასაფლაოზე წასვლას სთხოვს.