ეს სისტემა დაინგრევა, გპირდებით - მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი სასამართლოს შემდეგ

19:41 07-26-2019
327

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას „ჭაობს უწოდებს“.

„თურმე 650 მილიონი უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში და 700 ათასით გამაჩერეს. ეს არის სირცხვილი“, - ამბობს ხაზარაძე მედიასთან და თავისი პოლიტიკური მოძრაობის გააქტიურებას აანონსებს.

„მე დავინახე სრული ჭაობი... მე დავინახე გოგონა, რომელსაც შეუძლია 5-წუთიანი ბრიფინგით ცელი გამოუსვას საქართველოს ეკონომიკას... ძალიან მიხარია, რომ 1 კვირით ადრე შევქმენი მოძრაობა. ეს იქნება სულ სხვა თაობა და ძალა, ვისაც უყვარს საქართველო, ვისაც არ უნდა რუსეთის ოკუპაცია, უნდა, რომ კლანურ და ერთპიროვნულ მმართველობას არ ჰქონდეს ადგილი... ჩვენ ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი ინსტიტუციების გარეშე მართავს ქვეყანას. ეს არის დირიჟორიო, ცუდი შემსრულებლებით...

ამ ბრძოლას გავაგრძელებ, რომ ეს ჭაობი შეიცვალოს - მოსამართლეები იყვნენ თავისუფლები, პროკურორები - კანონმორჩილები.

ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე“, - დებს პირობას ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს  წარედგინათ ბრალი ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

დღეს თითოეულ მათგანს 700-ათასლარიანი გირაო შეეფარდათ.