ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც ზუგდიდის მშენებარე ტაძრის ეზოში ტრაპეზი მოაწყო

20:23 07-25-2019
18878

20 ივლისს, ზუგდიდში მშენებარე ტაძრის ეზოში ტრაპეზის შემდეგ, მრევლის ინფორმაციით, 1 ტონა ხორცი, 1500 ლიტრი ღვინო, 1000 ცალი პური, 300 კილოგრამი ყველი და ტრაპეზისთვის მისაღები სხვა პროდუქტი დაიხარჯა. ადგილზე მისულ მედიას შემდეგი სურათი დახვდა, ტრაპეზად წოდებული სუფრის პარალელურად, ტაძრის ეზოში ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდებოდა. მოქალაქეები კი პეტიციაზე ხელმოწერის შემდგომ სუფრაზე სხდებოდნენ. იმ დღეს დაახლოებით 2000-მდე ხელმოწერა შეგროვდა. ტრაპეზის სუფრაზე მიტროპოლიტი გერასიმე და სამღვდელოების წარმომადგენლები, მოქალაქეები და საჯარო მოხელეები იმყოფებოდნენ.

width=562

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ტრაპეზის ინიციატორი ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მკვიდრი, ამჟამად უკრაინაში მცხოვრები გიორგი (გიგა) ბერიშვილია. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

ის უკრაინაში 2003 წლიდან ცხოვრობს, არის კიევში ქართული დიასპორის „ქართული ქრისტიანული სამყარო“ პრეზიდენტია.

როგორც გავარკვიეთ ეს პირველი ტრაპეზი არ არის მისი მხრიდან. ასევე მისი ინიციატივით მოეწყო სუფრა სოფელ ნარაზენში, მაისის თვეში, მერის შუალედური არჩევნების წინ, სადაც ეკლესიის მრევლი და საჯარო მოხელეები ჭარბობდნენ. ბერიშვილი ჟურნალისტებთან თითქმის არ კონტაქტობს. მას ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. მშობლიურ სოფელ ნარაზენში, სადაც იგი ჩამოდის ხოლმე, ააშენა წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, ხოლო უკრაინაში, უკრაინელი წმინდანების სახელზე, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, გასცა შესაწირი და მათ სახელზე გამართა ტრაპეზი.

ავტორი: თეა შონია