ფარების წართმევა, კორდონის გასარღვევად, მნიშვნელოვანია... საიდან ასეთი ორგანიზებულობა? - ამირან სალუქვაძე

18:41 07-12-2019
113

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ ინტერვიუს და 20 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ დღეს, ეს მხარე, ანუ ხელისუფლების ოპონენტები, მთელ საზოგადოებას თავზე ახვევს რეალობას, რომ 20 ივნისს ადგილი არ ჰქონია პარლამენტის შტურმს, ადგილი არ ჰქონია პოლიციაზე ძალადობას, ადგილი არ ჰქონია სახელმწიფო ინსტიტუტში ძალადობრივი გზით შეჭრის მცდელობას, ადგილი არ ჰქონია პოლიციელების მასობრივ ცემას და შეურაცხყოფას, ანუ სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულების ჩადენას. ვინც მათთან უნისონში არ საუბრობს, მტერია.

„მედიასა და სოცქსელში დიდი აჟიოტაჟია შს მინისტრის ტვ პირველში ინტერვიუსთან დაკავშირებით. უამრავჯერ გამოვეხმაურე აქციების თემას, თუმცა ახლა მიმდინარე ვითარება შევაფასოთ. დღეს არის ასეთი რეალობა. ხელისუფლების ოპონენტებს გააჩნიათ მეტი საინფორმაციო რესურსი, კერძოდ რეიტინგული მედია, სოციალურ ქსელში უფრო აქტიური მომხმარებლები და უფრო ორგანიზებული საინფორმაციო პოლიტიკა. ეს სიახლე არაა. ამ რესურსის მეშვეობით ხდება დღის წესრიგის ერთი მხარის სასარგებლოდ განსაზღვრა და მთელი საზოგადოება საუბრობს იმ თემაზე, რა თემასაც ეს ერთი ძალა, პოლიტიკურად უმცირესობა, ხოლო საინფორმაციო შესაძლებლობებით უმრავლესობა წყვეტს. დღეს, ეს მხარე, ანუ ხელისუფლების ოპონენტები, მთელ საზოგადოებას თავზე ახვევს რეალობას, რომ 20 ივნისს ადგილი არ ჰქონია პარლამენტის შტურმს, ადგილი არ ჰქონია პოლიციაზე ძალადობას, ადგილი არ ჰქონია სახელმწიფო ინსტიტუტში ძალადობრივი გზით შეჭრის მცდელობას, ადგილი არ ჰქონია პოლიციელების მასობრივ ცემას და შეურაცხყოფას, ანუ სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულების ჩადენას. ვინც მათთან უნისონში არ საუბრობს, მტერია. დღეს საზოგადოებას თავზე გვეხვევა რომ ვისაუბროთ მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომაზე და ამავე დროს არავის ადარდებს რა მოხდა რეალურად, რატომ მივიღეთ ასეთი მძიმე შედეგი. კი არ ვცდილობთ ჩავატაროთ ჟურნალისტური გამოძიებები, დავასაბუთოთ ორთავე მხარის მიერ ჩადენილი კონკრეტული დარღვევები და აქედან გამომდინარე გავაკეთოთ დასკვნები. არა, უბრალოდ ასე სურთ და უნდა გადადგეს. აქვე ისევ გავიმეორებ, რომ რეალურად ოპოზიციას გიორგი გახარიას გადადგომა არ აწყობს. ეს ადრეც დავწერე.

საქმე არაა ერთი თანამდებობის პირის გადადგომა/არგადადგომაში. საქმე ობიექტურობასა და სამართლიანობაშია. ავხსნი კიდევ ერთხელ. საპოლიციო ოპერაცია შეგვიძლია სამ ფაზად დავყოთ აქციის მსვლელობის მიხედვით: 1. მშვიობიანი აქცია, 2. პარლამენტის შტურმი, 3. ქუჩის არეულობები. პირველი ფაზის დროს პოლიციის და მომიტინგეთა მიმართ პრეტენზიები არ არსებობს. ახლა დგას კითხვა. მეორე ფაზა, ანუ პარლამენტის შტურმი რეალობაში იყო, თუ მოგვეჩვენა? ისევ შეგახსენებთ, რომ პოლიციაზე იაერიშის მიტანა ტელევიზიებით დაგმო ყველამ, დიპკორპუსმა, პოლიტიკოსებმა, არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა. გვახსოვს სახალხო დამცველის შეფასება, რომ აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ნორმებს. მაშ რატომ ვცდილობთ ცალ კარში თამაშს, რატომ ვახდენთ საზოგადოებაზე საინფორმაციო ძალადობას და რატომ არ მიდის თანაბარი საუბარი როგორც პოლიციის ქმედებებზე, ასევე სამოქალაქო პირების მიერ ჩადენილე მძიმე დანაშაულებზე? მე არ ვიცი სასამართლო როგორ შეაფასებს ან პროკურატურა როგორ დაამტკიცებს ამბოხს ან გადატრიალების მცდელობას. ის ვიცი, რომ ამის შესახებ წინასწარ არავინ აცხადებს და გადატრიალების ფაქტი, მისი მოხდენის შემდეგ ფიქსირდება. თუმცა, ამ სტატიისთვის ეს მეორეხარისხოვანია. მთავარს ვკითხულობ. ადგილი ჰქონდა თუ არა საპოლიციო ძალების წინააღმდეგ ორგანიზებულ დანაშაულს, მათზე იერიშის მიტანას, პოლიციელების დაშავების ფაქტებს, მათი აღჭურვილობის მიტაცებას, პოლიციელების დაშავებას, მ.შ. მძიმეს, მათ შეურაცხყოფას?  თუ ვამბობთ, რომ არ ჰქონია, მაშინ შავს ვათეთრებთ და საუბარი აზრს კარგავს. ისღა რჩება დაჯდეთ და არა უწყინარ, სადაც მხოლოდ მიწოლა-მოწოლაა, რასაც ატრიალებთ, არამედ რეალურ ვიდეოებს უცქიროთ და კარგად დააკვირდეთ. თუ ვთანხმდებით, რომ რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ანუ კონსტიტუციური ძალის, პოლიციის წინააღმდეგ ორგანიზებულ შტურმს ადგილი ჰქონდა, მაშინ რატომ არ ვმსჯელობთ აქციის თუ საპოლიციო ოპერაციის ამ ფაზის ირგვლივ, რატომ მივყვებით ქრონოლოგიას ვიდეო მასალების ჩვენებით და რატომ არ ვარკვევთ ვინ მოქმედებდა მოქალაქეების მხრიდან უკანონოდ და სად, რა მომენტებში იმოქმედეს დარღვევით პოლიციელებმა?  ასევე, თუ ვთანხმდებით, რომ შტურმს ადგილი ჰქონდა, აქვე უნდა შევთანხმდეთ, რომ მას ჰყავდნენ თავკაცები, მაშინ რატომ არ ვსაუბრობთ ამ თავკაცების და მოქალაქეების პასუხისმგებლობაზეც და რატომაა დღის წესრიგში მხოლოდ ერთი თანამდებობის პირის გადაყენების საკითხი, რატომ არ ვითხოვთ იმ პირების დასჯას, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, რომლებიც ჯგუფურად უსწორდებოდნენ მწყობრიდან გამოგლეჯილ სპეცრაზმელებს? ასევე, თუ ვთანხმდებით, რომ შტურმს ადგილი ჰქონდა, მაშინ ვთქვათ რა უნდა ექნა პოლიციას, უნდა დაშლილიყო, თუ უნდა ემოქმედა? თუ უნდა ემოქმედა, მაშინ ისიც ხომ დავინახეთ, რომ ორი საათი მხოლოდ ადგილიდან იგერიებდნენ უმძიმეს, ტაქტიკურად კარგად ორგანიზებულ შეტევას? „ტაქტიკურს“ შემთხვევით არ ვწერ. კადრებში ჩანს როგორ მიაქვთ იერიშები 3-4 კაციან ჯგუფებს თითოეულ პოლიციელზე. მაგალითად, 1-2-სვუკავია ფარი, მესამე, მეოთხე თავში ურტყამს, რათა ამათ ფარი გამიგლიჯონ. ფარების წართმევა კორდონის გასარღვევად მნიშვნელოვანია. ნუთუ არ იწვევს ინტერესს საიდან ასეთი ორგანიზებულობა? ასევე, კადრებში ჩანს ცალკეული სპეცრაზმელების მხრიდან რეზინის ტყვიების შესაძლო (დავიცვათ სტანდარტი) არასწორად გამოყენების ფაქტები, რომელთა კვალიფიციური საექსპერტო შეფასება უნდა მოხდეს და შიდა რეგულაციების დარღვევების შემთხვევაში, გატარდეს სამართლებრივი ზომები.  რაც შეეხება მესამე ფაზას, როცა სპეცრაზმი უკვე ქუჩაში გამოვიდა, ასევე ვნახოთ ვიდეოები, რომლებზეც ვხედავთ ოფისების დარბევას, გზის გადაკეტვას, კაფეების ქონების დაზიანებას, მანქანის გადატრიალებას, სამოქალაქო პირების შეურაცხყოფას, პოლიციელებზე თავდასხმას. იყო თუ არა პოლიციის მხრიდან ამ დარღვევების აღკვეთა ლეგიტიმური. რა თქმა უნდა იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს. იყო თუ არა ვიდეო კადრებში პოლიციის ცალკეული ჯგუფების მხრიდან ძალის გადამეტება. ჩანდა რომ იყო. მძიმე შედეგები სახეზეა: 192 დაშავებული მოქალაქე დს 69 პოლიციელი. თავის და თვალის დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც და პოლიციელებმაც. რომ არა პარლამენტის შტურმი, ეს მძიმე შედეგი არ დადგებოდა, რაც არ ამართლებს ცალკეულ შემთხვევებში ძალის გადამეტებას. ასევე იშვიათია აქციის დროს 69 დაშავებული პოლიციელი და ზოგიერთების ფეხებქვეშ გაგდება. ეს ნორმალურია? ერთ-ერთ ტოკ-შოუში გამოვედი ინიციატივით მოეწყოს ცალკე გადაცემა, მთელი გადაცემის მანძილზე მოხდეს აქციის ვიდეოების ქრონოლოგიური განხილვა და მათი შეფასება. იდეა მოეწონათ, თუმცა ჯერ ასეთი გადაცემის ჩატარება დღის წესრიგში არ დგას. თუ ასე არ განვიხილეთ, მაშინ საზოგადოებას სიმართლეს როგორ მივაწვდით? რაც შეეხება მინისტრის გადადგომას, სანამ ასეთი ცალმხრივი მიდგომაა, სანამ.ვცდილობთ პარლამენტის შტურმის მიჩქმალვას, მისი გადადგომის მოთხოვნა სუბიექტური ახირებაა. მილიონჯერ გაგიმეორებთ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია რევოლუციური სცენარები, ქუჩის არეულობები, არაკონსტიტუციური ქმედებები, არასაარჩევნო ციკლში ცხოვრება. ყველა დესტრუქციული ქმედება პირდაპირაა მიმართული ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ. მაგალითისთვის შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ზუსტად მაიდანს და არეულობებს მოჰყვა ის მძიმე შედეგები, რაც ჩასაფრებულმა რუსეთმა უკრაინას მიაყენა. იმ წელს ბევრს მოსწონდა უკრაინის რევოლუცია. მერე იგივე ხალხი აკრიტიკებდა. აქ უარესი განმეორდება. მოკლედ, ბრმა არავინაა. ყველამ ყველაფერი დაინახა და შეაფასა. შევეშვათ ცალკარას და დავამშვიდოთ საზოგადოება“ - წერს ამირან სალუქვაძე.