არშემდგარი გადატრიალებების და შეთქმულებების სერია საქართველოში - ნახეთ მოკლედ და დეტალურად

15:32 07-12-2019
258

სახელმწიფო გადატრიალებებისა და შეთქმულების ბრალდებით ამ დრომდე არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრულა, როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების პირობებში. ძირითად შემთხვევებში, მსგავსს საქმეებს სამართლებრივი გაგრძელება და კონკრეტული შედეგები არ მოსდევს, შესაბამისად საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩება გამოძიების დეტალები. „პრაიმტაიმმა“ თვალი გადაავლო ბოლო რამდენიმე წლის შეთქმულების თეორიებს.     

2019 წელი - 20 ივნისის მოვლენები

2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ ანტისაოკუპაციო მოთხოვნით დაწყებული აქცია პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. პარლამენტში შეჭრისა და სამართალდამცველებზე თავდასხმას პროკურატურას ამბოხებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების კვალიფიკაცია მისცა. საგამოძიებო ორგანო ირწმუნება, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ძალისხმევით.

2016 წელი - „რევოლუციური სცენარი“

ინტერნეტში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე სუსმა გამოძიება ამბოხისა და შეთქმულების ორგანიზებით დაიწყო. გამოძიების მტკიცებით ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ლიდერებთან ხელისუფლების შესაცვლელად „რევოლუციურ სცენარს” განიხილავდა. საუბარში ასევე მონაწილეობენ გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი და აკაკი მინაშვილი. 

 2015 წელი - „ვიკილიქსის საქმე“

სახელმწიფო გადატრიალების მუხლით სუსმა გამოძიება 2015 წელსაც დაიწყო. საქმე ეხებოდა wikileaks.center-ზე  გამოქვეყნებულ ინფორმაციას. აღნიშნულ საიტზე გამოქვეყნდა ასევე ფარული ჩანაწერი, რომელიც ასახავდა მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას შორის საუბარს. ინფორმაციის მიხედვით მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის მიზნით იგეგმებოდა რუსთავი-2 ის თანამშრომელზე თავდასხმის ინსცენირება.

2014 წელის - „საბურავების საქმე“

შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციასა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობაზე ისაუბრა. შს მინისტრი ამბობდა, რომ ოპოზიცია აქციებისთვის ემზადებოდა, რაც ქუჩებში საბურავების დაწვასა და მასობრივ არეულობაში გამოიხატებოდა.

2011 წელი - 26 მაისი

2011 წელს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქციის სასტიკ დარბევას ერთ-ერთი მოტივად მაშინდელმა ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალება დაასახელა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ ოპოზიცია გეგმავდა სამოქალაქო ომის გზით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას.

2007 წელი - 7 ნოემბერი

ოპოზიციის მიერ შეთქმულებაზე და დამხობაზე საუბრობდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2007 წელსაც. 7 ნოემბრის ხმაურიანი მოვლენების შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადა:

„რაც მოხდა გუშინ, ეს არ იყო ჩვენი არჩევანი. ეს იყო ერთადერთი და ადეკვატური პასუხი იმ შეთქმულებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, მე ხაზს ვუსვამ, კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობას, საქართველოს დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს.“

საქმე აღიძრა რამდენიმე პოლიტიკოსის მიმართ, მათ შორის იყო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი , ასევე ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი.

ავტორი: თორნიკე ხურციძე