გორელი ემიგრანტი, რომელიც სხვებს ეხმარებოდა, გარდაიცვალა

15:10 07-12-2019
147

ანო ემხვარი სოციალურ ქსელში წერს ემიგრანტზე, ინგა ბერიანიძეზე, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ბევრ გაჭირვებულს გაუწოდა ხელი და რომელიც  რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

„ვიცი, რაც უნდა დავწერო, ვეღარაფერს შევცვლი, მაგრამ მე მაინც მინდა გიამბოთ ამ ქალბატონის შესახებ. ინგა ბერიანიძე, ქალბატონი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავიცანი.ერთ-ერთი ჩემი ბენეფიციარისთვის თანხის გადმორიცხვა უნდოდა გერმანიიდან, თან ბოდიშებს მიხდიდა, მცირედია და მაპატიეო.

მას შემდეგ იშვიათად ყოფილა ბენეფიციარი, რომ მას თავისი მცირედი სიკეთე არ გაეკეთებინოს. ინგა, ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაში 1 წლის განმავლობაში უმძიმეს დაავადებას ებრძოდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ადამიანი, რომელიც თავის მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში უსახსროდ დარჩენილ ბავშვებს ეხმარებოდა. ადამიანი, რომელიც გერმანელ ემიგრანტებს ედგა გვერდით, ამხნევებდა, საკუთარ სახლში იფარებდა და აპურებდა.

ადამიანი, რომელიც იბრძოდა თავისი და სხვისი სიცოცხლისთვის. ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, მაგრამ მისმა სიკეთემ გადაარჩინა ელენე, თორნიკე, გიორგი, ნარი. მინდა, ყველა იცნობდეთ ამ მადლიან გორელ ქალბატონს,რომლის სიკეთეც და ზრუნვაც მე არასდროს დამავიწყდება. ვიზიარებ მისი ოჯახის უდიდეს ტკივილს!, - წერს ანო ემხვარი.