პანკისში განვითარებულ მოვლენებზე ჯერჯერობით, არავინ დაკითხულა

14:10 07-12-2019
45

21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებზე, ჯერჯერობით, არცერთი პირი არ დაკითხულა.

„პანკისის ხეობის მცხოვრებთა ინფორმაციით, ამ საკითხზე საგამოძიებო ორგანოები არავის დაკავშირებიან
ჩემი ინფორმაციით, გამოძიებას არავინ დაუკითხავს და არც არავის დაკავშირებიან“, - თქვა „პრაიმტაიმთან“ სულხან ბორძიკაშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე ორი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მასობრივი არეულობის ორგანიზების მუხლებითაა დაკვალიფიცირებული.

საქმეზე დანიშნული იყო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც არეულობის დროს დაზარალებულ პირთა სხეულის დაზიანების ხარისხი უნდა დაედგინა. 

„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 55 დაზარალებულს შორის, სხეულის მძიმე დაზიანება არცერთ პირს არ დაუდგინდა, ვინაიდან მიღებულ დაზიანებებს შრომისუნარიანობის არანაკლებ ერთი მესამედით, ან სრული დაკარგვა არ გამოუწვევია. დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ საქმის ირგვლივ, გამოძიებას დაკითხული არავინ ჰყავს.

იურისტები განმარტავენ, რომ საქმის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს დაზიანების თითოეული შემთხვევა და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ბრალეული პირის იდენტიფიცირება მოახდინოს. 

„ასეთი კატეგორიის საქმეები რთულია. დაზარალებულების სიმრავლის გამო, გამოძიებას ხანგრძლივი მუშაობა დასჭირდება, რადგან ყველა დეტალი უნდა გამოკვეთოს.ამავდროულად, ეს სპეციფიკური საქმეა და შეცდომა არ უნდა მოხდეს“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ უფლებადამცველმა, ლია ხუროშვილმა.

შეგახსენებთ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პანკისის საქმეს შედეგი მოჰყვება.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი