16 დეპუტატი, რომელსაც პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია

11:04 07-12-2019
73

მეცხრე მოწვევის პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უმრავლესობის 16 წევრს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, პარლამენტის 2018 წლის მუშაობის შეფასების დოკუმენტშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, ეს დეპუტატები არიან: ლევან ბეჟანიძე, რუსლან გაჯიევი, ელგუჯა გოცირიძე, მახირ დარზიევი, მუხრან ვქხტანგაძე, თეიმურაზ კოხრეიძე, გიორგი თორთლაძე, გიორგი კოპაძე, იოსებ მაკრახიძე, სამველ მანუკიანი, რომან მუჩიაშვილი, თამაზ ნავერიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე.

მიუხედავად იმისა, რომ პლენარულ სხდომებზე საპატიო მიზეზით გაცდენის რიცხვი შემცირდა, ოჯახური მდგომარეობის მიზეზით გაცდენის მაჩვენებელი პირველ წელთან შედარებით მაღალია. 2017 წელს 1430 დაფიქსირდა, 2018 წელს კი გაცდენების რიცხვი 1500ს გაუტოლდა.

პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი - ეკა ბესელია; პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმცირესობიდან - ზურაბ ჭიაბერაშვილი; პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციიდან - რომან გოცირიძე; ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი - ხათუნა გოგორიშვილი; ყველაზე აქტიური კომიტეტი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი (ჩაატარა 58 სხდომა, განიხილა 593 კანონპროექტი, წარადგინა 13 საკანონმდებლო ინიციატივა და გამოთქვა კანონპროექტებზე 355 შენიშვნა); საპარლამენტო ზედამხედველობის ნოვატორი კომიტეტი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.

ამ წუთებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის საქმიანობის შეფასებას წარადგენს.