„ვინ გაწვდით ამ ინფორმაციას, მას ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი“, - გახარია დაშავებულ გრიგორიანზე

22:01 07-11-2019

შს მინისტრის თქმით, 46 წლის დავით გრიგორიანს, რომელიც აქციაზე მიღებული ტრავმების გამო 10 დღე კომაში იყო, ტყვია საერთოდ არ მოხვედრია. ამის შესახებ მან „რეაქციაში“ განაცხადა.

„ვინ გაწვდით ამ ინფორმაციას, მას ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი. მას არ აქვს დაზიანება ნასროლი ტყვიით. დავით გრიგორიანს ტყვიით მიყენებული დაზიანება არ აქვს. როცა ვიღაც საუბრობს დათვის და კიდევ რაღაც ტყვიებზე, ეს არის სიცრუე. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, - განაცხადა მინისტრმა.

მან მანამდე განმარტა, რომ რეზინის ტყვიები, რომლებიც პოლიციამ 20 ივნისის ღამით გამოიყენა, არალეტალურია.

არსებული ინფორმაციით, 20 ივნისს პარლამენტის წინ აქციის ძალადობრივი დარბევის დროს დაშავებული 46 წლის დავით გრიგორიანი მართვითი სუნთქვის აპარატიდან 30 ივნისს მოხსნეს.