ეს არის ერთი რაკურსი - გახარია მელიას გავრცელებულ კადრებზე

20:56 07-11-2019

შს მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ 20 ივნისის აქციაზე დეპუტატ ნიკა მელიას მიერ გავრცელებული კადრები მხოლოდ ერთ რაკურსს ასახავს.

„როდესაც ბატონი ნიკანორ მელია ამას საუბრობს, რასაც აკეთებდა ზუსტად იგივე მომენტში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, სულ სხვა ფლანგებიდან პირდაპირი შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაზე. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ქრონომეტრაჟი თქვენი ტელევიზიების კამერით, - აცხადებს გიორგი გახარია ტვ პირველის გადაცემა რეაქციაში. 

ინგა გრიგოლიამ მას ჰკითხა, რომ როდესაც ნიკა მელია აქციის მონაწილეებს ეკითხებოდა, შესულიყო თუ არა მოლაპარაკებებზე, ეს ხომ არა შტურმს, არამედ მოლაპარაკებებზე წასვლას ნიშნავდა, რაზეც მან უპასუხა - არა.

„ეს ნიშნავს იმას, რასაც მონტაჟის სახით გვანახეს. ეს არის ერთი რაკურსი. თქვენ რომ შეხედოთ რამდენიმე კამერას, აიღეთ რამდენიმე კამერა და ნახეთ რა ხდებოდა პარლამენტის წინ პარალელურად იმ დროში. და თემა დახურული იქნება. გპირდებით, რომ ამ სტუდიიდან რომ გავალ, ქრონომეტრაჟით მოგაწვდით ოთხ კამერას, რომელიც უჩვენებს ნიკა მელიას და დანარჩენები რა ხდებოდა წინა ხაზზე. - ამბობს შს მინისტრი გახარია. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებშიც შს მინისტრის ინტერვიუ გადაცემაში საპროტესტო აქციის ფონზე გრძელდება.