ბიძინა ივანიშვილი დონალდ ტუსკზე- მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია

15:46 07-11-2019

დონალდ ტუსკს უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დონალდ ტუსკთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კარგი მეგობარია.

„მახსოვს ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, როდესაც გამოუცდელი პოლიტიკოსი ვიყავი, მასთან მქონდა ყველაზე თბილი შეხვედრა და იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან  თბილი ურთიერთობები გვაქვს. მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა – ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა. ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას პირადად გადავეცი დიდი მადლობა. ის უყვართ პოლიტიკოსებს საქართველოში – როგორც პოზიციას, ისე – ოპოზიციას. მან მოხიბლა საქართველოს მთელი მოსახლეობა და საზოგადოება მისი ასეთი პოზიციით. მადლობა მას“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მმართველი პარტიის ლიდერმა სტუმარს ბათუმში უმასპინძლა.

 

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

დონალდ ტუსკი საქართველოში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში იმყოფება, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს. კონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა.