ასე გაგიადვილდებათ ევროკავშრში შესვლა - პოლონელი მინისტრის რჩევა საქართელოს და პარტნიორებს

15:07 07-11-2019
5

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სხვა ქვეყნებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მაგალითზე რჩევას აძლევს, თუ როგორ გაიადვილონ გზა ევროკავშრის წევრობისკენ.

როგორც მინისტრმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება, თუ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები ახალი ფორმატის შექმნაზე იფიქრებენ, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ არა მხოლოდ 6 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფის, არამედ ინდივიდუალურად, ან იმ ქვეყნების სახელით ისაუბრონ, რომლებიც ამ პარტნიორობის ავანგარდში, მოწინავე პოზიციებზე არიან.

„მე ვისმენდი დისკუსიას, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ალბათ შევქნათ სამდივნო, რომ ვიყოთ უფრო სუბიექტურები. ან როტაციის პრინციპით დაწესდეს პრეზიდენტობა აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს შორის. ჩვენ, ჩეხეთი სლოვაკეთი უნგრეთი გავერთიანდით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, შევქმენით ჯგუფი. თქვენთვისაც იქნება კარგი, რომ რაღაც ასეთი შექმნათ. ამგვარად უფრო გაგიადვილდებათ ევროკავშრში შესვლა, - განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სისტემებში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მეტ ჩართულობას. 

„ეს პროგრამა უფრო მეტად განვავითაროთ, შესაძლოა მოვიწვიოთ ისინი უფრო ხშირად ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე, სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებზე, სექტორულ შეხვედრებზე, რომ მათ გაიცნონ ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების სისტემა, მეთოდები, რადგან ისინი არიან ევროპის ნაწილი და აქვთ უფლება ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები ჰქონდეთ. აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ევროპის აღმოსავლეთი ნაწილი. ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერისა და მიღების მორალური ვალდებულება“, – ამბობს იაცეკ ჩაპუტოვიჩი

ავტორი: ბექა პატურაშვილი