მალე გაიგებთ რა გზებით ატარა ბავშვი მამამ აფხაზეთამდე - 4 წლის გოგოს დედა შსს-ს მადლობას უხდის

13:53 07-11-2019

არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც მამასთან ერთად აფხაზეთში დააკავეს და დედას უვნებლად დაუბრუნდა, თავს კარგად გრძნობს.

„ბავშვი ნაპოვნია. ჩემი თიკო ჩემთანაა. მადლობა შსს-ს თითოეულ ქვედანაყოფს, დეპარტამენტს, თითოეულ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა თიკოს დაბრუნებასა და ჩემს მეორედ დაბადებაში. მადლობა იმ თბილი მოკითხვისთვის უცნობსა და ნაცნობს. ხოლო იმათ გასაგონად, დედას რომ ლანძღავდნენ და წერდნენ ტყვიის ღირსიაო. მალე გაიგებთ, ბავშვი რა გზებით და რა პირობებში ატარა მამამ აფხაზეთამდე. მადლობა უფალს”,- წერს facebook-ის გვერდზე გოგონას დედა.

ქალი შვილს 1-ლი ივლისიდან ეძებდა. რაც შეეხება მამას,  დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ბეგლარ წილოსანი.

ნაპოვნი გოგონა ენგურის ხიდზე დედას თამარ გოგსაძეს გადასცეს, მამაკაცი კი ამ დროისთვის გალის იზოლატორშია მოთავსებული.

გოგონას ძებნის ოპერაციაში ჩართული იყო სუსი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„შეტყობინების შემოსვლის შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი, ჩვენი და სუს-ის ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად ბავშვი დედას უვნებლად დაუბრუნდა“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ავტორი: თეა შონია