აღფრთოვანებული ვარ საქართველოს მთავრობით - ეკატერინა ზაჰარიევა

13:19 07-11-2019
62

მე აღფრთოვანებული ვარ საქართველოს მთავრობით, ვინაიდან ის ძალიან კარგად აფინანსებს განათლებას – ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზაჰარიევამ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

„ტვინის გამორეცხვის 45 წელი არის საკმაოდ დიდი პერიოდი, 30 წლის შემდეგაც მენტალიტეტში ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენს შორის და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არ იყვნენ საბჭოთა კავშირის კვერთხის ქვეშ. ძალიან რთულია, დავარწმუნოთ ადამიანები, რომ მათ სჯეროდეთ თავიანთი პოლიტიკოსების, მთავრობის, მედიის.

ადამიანების შეჩვეულები არიან, რომ მათ ატყუებს მედია, ატყეუბს ინსტიტუტები, ამიტომ საჭიროა რეფორმები განათლების გზით და მე აღფრთოვანებული ვარ საქართველოს მთავრობით, ვინაიდან ის ძალიან კარგად აფინანსებს განათლებას. ყველაფერი იწყება ახალგაზრდების განათლებით. დღეს ისინი ქმნიან მომავალს. თუ არ იქნება განათლება, ქვეყნიდან მოხდება ტვინების გადინება. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების სისტემა რეფორმა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ნდობა თავიანთი სისტემების“, – განაცხადა ეკატერინა ზაჰარიევამ.

ბათუმში მიმდინარე კონფერენციის დამსწრე მაღალი დონის სტუმრებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთად არიან: ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი; ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი; ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი.

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება რიგ საფინანსო შეთანხმებებს, კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.