რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტაზე უსამართლოა - დონალდ ტუსკი

13:13 07-11-2019
31

„რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში შეწყვიტოს ფრენები არის ერთი მხრივ, დისპროპორციული, უსამართლო და არაფრით არ არის გამართლებული. ამ შემთხვევაში ევროკავშირი სოლიდარულია საქართველოს მიმართ და მთლიანად ვადასტურებთ, საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას.”-ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, საქართველომ არაერთხელ აჩვენა თავისი თავდადება დემოკრატიული რეფორმების მიმართ, კანონის უზენაესობის დამყარების მიმართ. ეს ყველაფერი საკმაოდ მტკიცე გადაწყვეტილებების საფუძველზე გრძელდება“, – განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, სასამართლო სისტემა უფრო მეტად იპოვებს საზოგადოებრივ ნდობას, ხოლო ეკონომიკა გაცილებით უფრო მიმზიდველი ხდება უცხოური ინვესტიციებისთვის.

ბათუმში მიმდინარე კონფერენციის დამსწრე მაღალი დონის სტუმრებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთად არიან: ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი; ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი; ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი.

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება რიგ საფინანსო შეთანხმებებს, კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.