შაქრიანი სასმელები კიბოს იწვევს?

13:13 07-11-2019
27

შაქრიანი სასმელები, მათ შორის ხილის წვენები და გაზიანი სასმელები, შესაძლოა კიბოს გაჩენის რისკს ზრდის.

ამის შესახებ განცხადებას ფრანგი მეცნიერები აკეთებენ. ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა მათი ახალი კვლევა, რომლის ფარგლებშიც, 5 წლის განმავლობაში 100 000-ზე მეტ ადამიანს დააკვირდნენ.

სორბონას უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი განმარტავს, რომ სისხლში შაქრის შემცველობის მაღალი დონე შესაძლოა კიბოს იწვევდეს.

რომელია შაქრიანი სასმელი?

მკვლევარები განმარტავენ, რომ შაქრიანია სასმელი, თუკი მასში შაქრის შემცველობა 5%-ს აღემატება. ასეთებია ხილის წვენები, მსუბუქი გამაგრილებელი სასმელები, ენერგეტიკული სასმელები და ყავა და ჩაი, თუკი მათში შაქარს გაურევთ.

მეცნიერები ასევე დააკვირდნენ ხელოვნური დამატკბობელებით შექმნილ დიეტურ სასმელებს და ამ შემთხვევაში კიბოსთან კავშირი ვერ აღმოაჩინეს.

რამდენად მაღალია კიბოს რისკი?

ფრანგმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დღეში 100მლ შაქრიანი სასმლის დალევა, რაც კვირაში 2 ქილა გამოდის, კიბოს გაჩენის რისკს 18%-ით.

კვლევაში მონაწილე ყოველი 1000 ადამიანიდან, კიბო 22-ს აღმოაჩნდა.

ჯამში, კვლევაში მონაწილე 2193 ადამიანს აღმოაჩნდა კიბო, მათ შორის 693 შემთხვევაში მკერდის კიბო, 291 პროსტატის და 166 კოლორექტალური კიბო.

მართალია ამ ახალი კვლევის შედეგები დამაფიქრებელია, თუმცა იგი არ წარმოადგენს იმის 100%-იან მტკიცებულებას, რომ შაქრიანი სასმელები აუცილებლად იწვევენ კიბოს. მეცნიერები განმარტავენ, რომ ზუსტი პასუხის მისაღებად, დამატებითი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

ავტორი: მარიამ გიგანი