„დაბალი, ღიპიანი, ბანჯგვლიანი“ მამაკაცები - მაია ასათიანი კაცების დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს

01:03 07-11-2019
1113

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა გოჩა უგლავამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2019 წლის 02 მაისს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა „პროფილში“, წამყვან მაია ასათიანის მიერ გაჟღერებული ტექსტით დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი, კერძოდ, სიძულვილით მოიხსენია დაბალი, ღიპიანი და ბანჯგვლიანი მამაკაცები.

სადაო გადაცემაში, წამყვანი თავის სტუმრებთან ერთად განიხილავს თუ როგორი მამაკაცები მოსწონთ: „როგორ ბიჭს, მამაკაცს მიანიჭებდით ხარისხის სტიკერს“. მოწვეული სტუმრები ასახელებენ სხვადასხვა თვისებებს, ნიშნებს, რომელიც მოსწონთ მამაკაცებში, ამასთან ერთ - ერთმა სტუმარმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის გარეგნობას არა აქვს მნიშვნელობა, რასაც წამყვანი შემდეგი რეპლიკით ეხმიანება: „ანუ, გამოგვივიდა ჭკვიანი, იუმორის გრძნობის მქონე, ქარიზმატული, დაბალი, მსუქანი და ბანჯგვლიანი, არ მინდა, ეგეთს არ მივცეთ სტიკერი“.

ქარტიის საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია, რომ ამ შემთხვევაში მოხდა სიძულვილის ენის გამოყენება. კერძოდ, კონკრეტული გარეგნული/ფიზიკური მახასიათებლები [სიმსუქნე, სიმაღლე, ჭარბთმიანობა] მოხსენიებულია შეურაცხმყოფელი კონტექსტით, სახეზეა ასეთი გარეგნობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაცია ფიზიკური ნიშნით, რომ ისინი შეიძლება არ იყვნენ მიმზიდველნი. წამყვანის მიერ მოხდა გარეგნობის კონკრეტული მახასიათებლების განზოგადება უარყოფით კონტექსტში. ნიშნის მიხედვით გამორჩევა ზოგადად არაკორექტული და არაეთიკურია.