რატომ არ გვიყვარს ვლადიმერ პუტინი მე და ანა პოლიტკოვსკაიას - გვანცა ჯობავას ბლოგი

19:54 07-10-2019
429

„კაგებე მხოლოდ ძლიერებს სცემს პატივს, სუსტებს კი ანადგურებს. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. შიში საბჭოთა ჩეკისტისთვის თაფლია. მათთვის არ არსებობს უკეთესი საჩუქარი, ვიდრე იმის შეგრძნება, როგორ ცახცახებს ხალხის მასა, რომელიც საკუთარ ნებას უნდა დაუმორჩილონ. ჩვენ გავუკეთეთ ეს საჩუქარი."

(ანა პოლიტკოვსკაია)

დღეს, როდესაც მთელი საქართველო ზიზღით, ხანაც, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სიამაყითაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე საუბრობს, გადავწყვიტე, „ნოვაია გაზეტას“ უკრაინული წარმოშობის რუსი კორესპოდენტის, ანა პოლიტკოვსკაიას თვალით დანახულ ვლადიმერ პუტინზე მოგითხროთ. "ნიუ იორკ ტაიმსს" თუ დავეყრდნობით, თავის დროზე ანა უშიშრად ამხელდა რუსეთის პრეზიდენტებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებს, ბიუროკრატებსა და სხვა გავლენიან ხალხს. ანა ის ჟურნალისტი იყო, რომელიც 2006 წლის 7 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. იმასაც ამბობდნენ, პუტინმა დაბადების დღეზე საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთაო.

როდესაც 2014 წელს ანა პლიტკოვსკაიას წიგნის „პუტინის რუსეთი“ ქართულ ენაზე თარგმნას მოვკიდე ხელი, მაშინ დაიწყო ჩემი და ანას ერთობლივი დაუვიწყარი „მოგზაურობა“. ანას ცხოვრებასთან შეხებამ სრულიად სხვა განზომილებაში გადამისროლა, იქ, სადაც სიმართლისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ერთადერთი სწორი გამოსავალია, თუმცა ამ გზის არჩევა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს. 

ერთად დავბრუნდით უკან, საბჭოთა კავშირსა და 90-იან წლებში. მივდიოდით მოსკოვის ქუჩებში მე და ანა და ქუჩაში ჩამწკრივებული, სხვადასხვა პროდუქტით მოვაჭრე ქალები თბილისს მაგონებდნენ. ანა ბევრს ყვებოდა საბჭოთა კავშირის ნანგრევებში მოყოლილი ხალხის ხვედრზე, დამფრთხალი, გალოთებული კაცების ქუჩაში სავაჭროდ გამოსულ ცოლებზე, საბჭოთა კავშირის ნანგრევები საკუთარი ხელით რომ გაიტანეს და გზები ცოტა მოასუფთავეს, მწყობრიდან გამოსულ გათბობის სისტემასა და თავიანთ სახლებში გაყინულ ადამიანებზე, ხშირად დიდი დაგვიანებით იატაკზე მიყუნულებსაც კი რომ პოულობდნენ.

ჩეჩნეთის ომზე ყვებოდა, მე კი ამ დროს ხშირად აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ვფიქრობდი. მრცხვენოდა ამის გამო, მაგრამ ვერაფერს იზამ, ყველას ჩვენი გვტკივა, ჩვენი გაგვჭირვებია. მიმიხვდა ალბათ ანა ამას, წამიყვანა და 16 წლის ელზა კუნგაევას სახლში დამტოვა, ცნობილმა რუსმა პოლკოვნიკმა ბუდანოვმა მოცალეობის ჟამს, ჩვეულებრივი გართობისთვის რომ გააუპატიურა და შემდეგ მოკლა. მის მშობლებთან დამტოვა და ომის საშინელებაზე კიდევ ერთხელ დამაფიქრა. მხოლოდ ოთხი წელი იჯდა ამ ყველაფრისთვის პოლკოვნიკი ციხეში, შემდეგ კი როგორც მექა ხანგოშვილმა, ანას თბილისელმა მეგობარმა ამ წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე გვითხრა, ჩეჩნებს ბუდანოვი მოსკოვში მოუკლავთ, ასე უპოვიათ სამართალი უსამართლო პუტინის იმპერიის მსხვერპლთ.

რუსეთის ჯარშიც შევაღწიე ანასთან ერთად. ანამ ბევრი საიდუმლო გზა იცოდა ამისთვის. შესვლამდე კი სამხედროების დედებს შევხვდით, სამხედრო ნაწილების დიდ გალავნებთან, ყველგან იდგნენ რუსი დედები, გაურკვეველ ვითარებაში სამხედრო სამსახურის დროს მოკლული შვილების, რუსი სამხედროების დედები – იდგნენ და ამაოდ ეძებდნენ სამართალს, სასამართლო დარბაზებსაც ამაოდ სტუმრობდნენ, მოსამართლეები თავად ისინი იყვნენ, მათი შვილების მკვლელები: გენერლები, მეთაურები, ჩინოვნიკები, რომლებსაც ეს უბედური დედები ამაოდ უყურებდნენ თვალებში, იქ სინანული არ იყო, არც დარდი, წუხილი.

მაფია? რამდენიც და როგორიც გნებავთ! ურალელ პაველ ანატოლევიჩ ფედულევის შესახებ თუ გსმენიათ ოდესმე? ადამიანების გაწირვა, ხოცვა, ქურდობა, მითვისება მისი სამყაროსთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რამდენი საწარმო გაანადგურა ეკატერინბურგში, ლობვიში, კაჩკანარში და ვინ მოსთვლის სად აღარ, რამდენი ადამიანი შეწირა თავის საქმიანობას, მოხვდა კიდეც ერთი-ორჯერ ციხეში, მაგრამ მალევე სრულიად უვნებელი და დაუსჯელი გამოდიოდა იქიდან, აგრძელებდა თავის „საზოგადოებრივ საქმიანობას“ – ასე გამოიყურებოდა რუსული სასამართლო!

ანა ხელშეუხებლებს უწოდებდა ფედულევსა და მის თანამებრძოლებს, იყვნენ კიდეც, ჯერ უდიდესი მფარველები ჰყავდათ ხელისუფლებაში, დროთა განმავლობაში კი თავად იქცნენ მათ უდიდეს „მფარველებად“, სწორედ ამიტომაც მოხდა ალბათ, რომ 2012 წელს, ლამის ოცწლიანი კრიმინალური ცხოვრების შემდეგ, ფედულევს სვერდლოვის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეტყობა ზედმეტად დიდი ძალაუფლება ჩაიგდო ხელთ და ასე ჩამოიშორეს. მისი ზეობა დასრულდა, თუმცა ანა ამას ვეღარ მოესწრო.

2002 წლის 23 ოქტობერი და „ნორდ-ოსტის“ ტრაგედია ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება იყო, მაგრამ რუსეთს წინ უარესი ელოდა – „ბესლანი“.

ისტორიები განმეორდა. პირველი – დუბროვკაიას ქუჩაზე მდებარე თეატრში მოხდა, მიუზიკლ „ნორდ-ოსტის“ დროს. ჩეჩენი ტერორისტები შეცვივდნენ და მსახიობები და მაყურებლები ტყვედ აიყვანეს. ხელისუფლება მოლაპარაკებაზე არ წავიდა, მომწამლავი გაზი გაუშვა და ცეცხლი გახსნა. ყველა ტერორისტი დაიღუპა, თუმცა მათთან ერთად უამრავი ტყვეც. ამ მოვლენების შესახებ ანას მოყოლილი რომელი ერთი ისტორია გავიხსენო, თუმცა ყველაზე მეტად ის არ ამომდის გონებიდან, როგორ გაწირეს ერთ-ერთი ტყვე, გაზით მოწამლული ტიმურ ხაზიევი. მისი თათრული გვარი ჩეჩნურად მიიჩნიეს, ამიტომაც სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს, ტიმური საავადმყოფოში საიდუმლად იწვა და ნელ-ნელა კვდებოდა, ექიმებს ხელიც არ გაუნძრევიათ. ასეთი იყო ბრძანება.

პუტინმა ეს ყველაფერი საერთაშორისო ტერორიზმად გამოაცხადა და თავის მოქალაქეებს ამ ტერორიზმზე გამარჯვება მიულოცა. ხალხს არ გაუპროტესტებია, შესაბამისად, ორი წლის შემდეგ ბესლანის ტრაგედიის დრო დადგა. 2004 წლის 1-ელ სექტემბერს ჩეჩნებმა ტყვედ ამჯერად ბავშვები, მშობლები და მასწავლებლები აიყვანეს სკოლაში. ხელისუფლების ქმედება კი იგივე იყო – არანაირი მოლაპარაკება, კვლავაც იერიში, მოკლული ტერორისტები და რუსეთის მოქალაქეები, ამჯერად დიდწილად ბავშვები.

ანაც გაემგზავრა ბესლანში მოვლენების გასაშუქებლად, იქნებ ბავშვების გადასარჩენადაც კი, იმ დროისთვის ხომ უკვე ძალიან დიდი იყო მისი ავტორიტეტი, მაგრამ თვითმფრინავში მოწამლეს, სასიკვდილოდ იყო გადადებული, თუმცა გადარჩა. სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა. იცოდა ანამაც ეს, მაგრამ მტრებზე არ ფიქრობდა, ხალხზე ფიქრობდა, რომელსაც ის სჭირდებოდა.

პუტინმა კი ამასობაში ისევ მიულოცა ხალხს საერთაშორისო ტერორიზმზე გამარჯვება და ხალხმაც მილოცვა კვლავ მიიღო.

ტერორისტები რას ითხოვდნენო, იკითხავთ – ჩეჩნეთის მეორე ომის შეწყვეტას!

ანა პოლიტკოვსკაიას წიგნი „პუტინის რუსეთი“ 2004 წელს გამოვიდა ინგლისში, ძალიან დიდმა გამომცემლობამ, „რენდომ ჰაუსმა“ გამოსცა. რუსეთში დღემდე არ გამოსულა. 2006-ში ანა მოკლეს, ამბობდნენ პუტინმაო, რამზან კადიროვმაო. სასამართლო მკვლელობიდან დაახლოებით ათი წლის თავზე დასრულდა. განაჩენი კი ხუთ არაფრის მთქმელ სახელსა და გვარს გამოუტანეს, შემკვეთი – უცნობია. ფაქტია, რუსული სასამრთლო და პუტინის რუსეთიც ისეთივე დარჩა, როგორზეც ანა გვიყვებოდა.

ზუსტად ამ პერიოდში გამოვიდა „პუტინის რუსეთის“ ქართული ვერსია, რომელიც დღეს კიდევ უფრო აუცილებელია ყველამ წავიკითხოთ. უნდა წაიკითხონ ჟურნალისტებმა - ეს წიგნი ხომ უდიდესი მასტერკლასია ჟურნალისტიკაში.

პოლიტიკოსებმაც უნდა წაიკითხონ და იცოდნენ, რომ ჩვენ, ვინც ეს წიგნი უკვე წავიკითხეთ, ყველაფერი ვიცით ჩინოვნიკების საქმიანობის იმგვარი სასტიკი მეთოდების შესახებ, რასაც თურმე პუტინის რეჟიმის ცნობილი ხრიკებიდან სესხულობენ თუ იპარავენ პოლიტიკოსებიც.

ანა თავის წიგნს „პუტინის რუსეთი“ ასრულებს უშუალოდ ვლადიმერ პუტინის პერსონაჟის დახასიათებით და გვიხსნის, რატომ არ უყვარს თავისი ქვეყნის პრეზიდენტი:

„რატომ არ მიყვარს პუტინი? ცინიზმის, დაუსრულებელი ომის, სიცრუის, „ნორდ­ოსტში“ გაშვებული გაზისა და უდანაშაულო ადამიანების გვამების გამო, რაც მუდამ თან ახლდა პუტინის პრეზიდენტობის პირველ ვადას. გვამების, რომელიც შეიძლებოდა, არც ყოფილიყო.

მე არ მიყვარს ის იმიტომ, რომ მას ხალხი არ უყვარს. აბუჩად გვიგდებს, ვეზიზღებით. მხოლოდ საშუალებად აღგვიქვამს. საშუალებად მისი პირადი სახელისუფლებო მიზნების განხორციელებისთვის. ამდენად, ფიქრობს, რომ ისე მოგვექცევა, როგორც მოუნდება, თუ მოისურვებს, დაგვხოცავს კიდეც. რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. ის კი, შეიძლება სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ზემოთ, მაგრამ ახლა მეფე და ღმერთია, რომელსაც ქედი უნდა მოვუდრიკოთ და გვეშინოდეს... დიახ, არ მიყვარს ტიპური საბჭოთა ჩეკისტი, რომელიც კრემლში დაფენილი წითელი ხალიჩით რუსეთის სამეფო ტახტისკენ მიემართება.“

რა დასამალია, ვლადიმერ პუტინი, დიახ, ტიპური საბჭოთა ჩეკისტი, რომელიც მუშტებს უღერებს ჩემს ქვეყანას, არც მე მიყვარს და არა მხოლოდ ავადსახსენებელი ომების გამო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მისატაცებლად, არა მხოლოდ პერმანენტული მცოცავი ოკუპაციის გამო, რომელსაც ბოლო არ უჩანს, არც მხოლოდ რუსული რბილი ძალის გამო, რომელიც სულ უფრო შესამჩნევი ხდება ყოველი ფეხის ნაბიჯზე, არა მხოლოდ ბოლო დღეების ცინიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ჩვენი ქვეყნის მისამართით, არა, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. როდესაც პირველად საკუთრ თავს, ანასავით ვკითხე, რატომ არ მიყვარდა პუტინი, მივხვდი, რომ არ მიყვარდა არა მხოლოდ იმის გამო, თუ როგორ სძულს მას ქართველები თუ ზოგადად მეზობელი ქვეყნები,  დაპყრობილ თუ დასაპყრობ მიწებზე მცხოვრები ხალხები, არამედ იმისთვის, თუ როგორ სძულს მას საკუთარი, რუსი ხალხი. ანა პოლიტკოვსკაიას „პუტინის რუსეთის“ წაკითხვის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ვლადიმერ პუტინს უყვარს ერთადერთი - საკუთარი კეთილდღეობა, სხვა დანარჩენი წყალსაც წაუღია.