ენგურჰესი- საქართველოს ენერგეტიკის ფლაგმანი

17:43 07-10-2019
198

საქართველო ჰიდროენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანაა, თუმცა მდინარე ენგური თავისი განშტოებებით, შენაკადების დინების სისწრაფითა და წყალუხვობით უნიკალურ ფენომენს წარმოადგენს.

უკვე 40 წელია, რაც ენგურის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ენერგეტიკის მტკიცე საძირკველს წარმოადგენს. სწორედ ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ენგურჰესის წილი ქვეყნის საერთო ელექტრომომარაგების დაახლოებით 40%-ს შეადგენს.

თავისი არსებობის მანძილზე ენგურჰესმა 120 მილიარდ კვტ.სთ- ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. როგორ გაჩნდა და განხორციელდა ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის აგების იდეა? რამდენად რთული იყო ექსპლუატაციის პროცესი იმ დროისთვის მსგავსი გამოცდილების არქონის ფონზე? როგორი იყო განვლილი 40 წელი და რა იგეგმება სამომავლოდ ენგურჰესის უფრო საიმედო და გამართული მუშაობისთვის?

როდის გაჩნდა ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის აგების იდეა?

საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის აგებაზე ფიქრი პირველად დიდმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო. ამ მიზნით მან ქვეყნის მასშტაბით არსებულ მდინარეებზე პროფესიული ანალიზის ჩასატარებლად სპეციალისტები მოიწვია. კვლევის შედეგად ყურადღება ენგურზე შეჩერდა და მისი პოტენციალის შესწავლა გადაწყდა. გარკვეულ მიზეზთა გამო ამ საქმისთვის თანხის მოძიების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ნიკო ნიკოლაძემ ენგურის ჰიდრორესურსების გამოყენებისთვის ბრძოლას 20 წელი შეალია, მაგრამ მისი იდეის ხორცშესხმა იმ დროისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

1913-1914 წლებში იტალიელმა სპეციალისტებმა გამოთქვეს მოსაზრება ენგურზე მცირე სიმძლავრის ჰესის მოწყობის შესახებ, მაგრამ არც ამ პროექტს ეწერა განხორციელება. 1926-27 წლებში შემუშავდა სქემა, რომლის მიხედვითაც მდინარე ენგურზე, სოფელ ვალხორიდან ანაკლიამდე, 233 მეგავატი ჯამური სიმძლავრის 13 ჰესი უნდა აგებულიყო.

მდინარე ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის აგების იდეის რეალიზაციისთვის პირველი ნაბიჯები XX საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში გადაიდგა. 1960 წელს „ჰიდროპროექტმა“ მდინარე ენგურის ენერგეტიკული მიზნებისთვის გამოყენების სქემა შეიმუშავა. საბოლოოდ, 1965-70-იან წლებში შეიქმნა მთლიანი პროექტი, რომლის მიხედვითაც ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 1961 წელს დაიწყო.

ჰყავდა თუ არა ამ იდეას მოწინააღმდეგეები?

„ენგურჰესის მშენებლობა“ ქართული ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ყველაზე თამამი ჩანაფიქრის განხორციელება იყო. ეს იდეა ითვალისწინებდა უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსის აგებას, რასაც ბევრი სპეციალისტი ეჭვის თვალით უყურებდა. პროექტის დასაბუთებისა და დამტკიცებისთვის უდიდესი წინააღმდეგობის გადალახვა გახდა საჭირო. სკეპტიკოსები ამგვარი ტიპის მშენებლობას ფანტასტიკურ ჩანაფიქრად და უტოპიად მიიჩნევდნენ. ოპტიმისტებს კი მშენებლობის მასშტაბურობა და რელიეფის სირთულე აფრთხობდა. იდეის მომხრეებს მომავალი თაღოვანი კაშხლის გრანდიოზულობა და ადგილის სეისმომდგრადობის პრობლემა უკარგავდა მოსვენებას. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ საქართველოში ასეთი მშენებლობის დაწყების პრეცენდენტი არ არსებობდა.

როგორ დაიწყო და გაგრძელდა ენგურჰესის ექსპლუატაციის პროცესი?

1978 წლის 7 ნოემბერს ენგურჰესის 1 ჰიდროაგრეგატი  ამუშავდა. წლის ბოლომდე 2 და3 აგრეგატები ჩაირთო. ექსპლუატაციის დაწყებიდან ერთ წელიწადში  ამუშავდა 4, 1980 წელს კი- ბოლო, 5 ჰიდროაგრეგატი და ენგურჰესის სიმძლავრემ საპროექტო - 1300 მეგავატს მიაღწია.

ენგურჰესმა თავისი არსებობის 40 წლის მანძილზე საკმაოდ რთული გზა გაიარა. ეს პერიოდი პირობითად შეიძლება  რამდენიმე ეტაპად დაიყოს:

პირველი პერიოდი, როდესაც ჰესის ექსპლუატაცია მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობდა და სამუშაო პირობები მოთხოვნილ ნორმებს აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა. ეს ის დროა, როდესაც პერსონალს გენერატორებისა და სხვა ძირითადი ელექტრომოწყობილობების მოვლა მტვერში, ნესტსა და ხმაურში, ელემენტარული პირობების გარეშე უწევდა. სწორედ ამ პერიოდში მომზადდა შესაბამისი პროფესიონალი კადრები. შემუშავდა საექსპლუატაციო ინსტრუქციები და სქემები, ოპერატიული დოკუმენტაცია, დაზუსტდა ჰიდრომახასიათებლები და ნაგებობებზე მონიტორინგის მოცულობები.

მეორე პერიოდი მოიცავს 90-იანი წლებს, რომელიც ენგურჰესისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ ენგურის ჰოდროელექტროსადგური ორად გაყოფილი აღმოჩნდა, რამაც  მისი ექსპლუატაცია გაართულა. ენერგოსისტემაში არსებული სიმძლავრის დეფიციტის გამო გენერატორები და ტრანსფორმატორები დაბალ სიხშირეზე მუშაობდნენ, ხშირი იყო სისტემური ავარიები. ამას ემატებოდა ჰესისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა. ამ პერიოდში პერსონალმა გამოიჩინა დიდი მოთმინება, გაუძლო ყველა გასაჭირს და ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი ენერგოობიექტი მუშა მდგომარეობაში  შეინარჩუნა.

მესამე - რეაბილიტაციის პერიოდი, რომელიც პრაქტიკულად 2003 წელს დაიწყო  და დღემდე  გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ხუთივე ჰიდროაგრეგატი დამხმარე მოწყობილობების ჩათვლით ეტაპობრივად და სრულად განახლდა,  ძალოვანი ტრანსფორმატორები კაპიტალურად შეკეთდა, სადენები გამოიცვალა და სხვ. ამ ყველაფერმა ენგურჰესის საიმედოობა ბევრად გაზარდა. 2006 წელს სადერივაციო გვირაბის სამთვიანი რემონტი ჩატარდა, თაღოვან კაშხალზე კი დიდი მოცულობის საცემენტაციო სამუშაოები განხორციელდა.            

მიუხედავად ზემოთ ხსენებული სირთულეებისა, დღეს უკვე ენგურჰესი მსოფლიო დონის ნაგებობაა. ჰიდროელექტროსადგურის ობიექტები წალენჯიხისა და გალის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეა განლაგებული. ჰიდროელექტროსადგური პირობითად ორად არის გაყოფილი: კაშხალი, წყალსაცავი და 15-კილომეტრიანი სადაწნეო გვირაბის 10-კილომეტრიანი მონაკვეთი წალენჯიხაში მდებარეობს, ხოლო გვირაბის დარჩენილი ნაწილი- 5,5-კილომეტრიანი ძალოვანი კვანძი, მიწისქვეშა სადგური, ჰიდროაგრეგატები, ტრანსფორმატორები, ღია გამანაწილებელი მოწყობილობა და წყალგამყვანი გვირაბი გალის რაიონის ტერიტორიაზეა. აფხაზეთში მდებარეობს შვილობილი კომპანია „ვარდნილჰესების კასკადი“ თავის წყალსაცავით, ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურის შენობითა და 26 კმ-იანი არხით.

როგორია ენგურჰესის ენერგეტიკული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა?

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ენგურჰესის გარეშე საქართველოს ენერგოსისტემა ვერ იფუნქციონირებს და თუ იფუნქციონირებს, ეს უზარმაზარ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ამავდროულად გაიზრდება მეზობელ ქვეყნებზე ჩვენი ენერგოდამოკიდებულების ხარისხი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მასშტაბის ელექტროსადგური საქართველოში ვეღარ აშენდება, რადგან ამისთვის, სულ ცოტა, ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები არ არსებობს.

გარდა იმისა, რომ ენგურჰესს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ქართველები და აფხაზები ყოველგვარი კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე თანამშრომლობენ, რადგან სადგურის ერთობლივი ექსპლუატაციის მნიშვნელობა ორივე მხარეს კარგად აქვს გააზრებული. ეს შეიძლება გახდეს ერთგვარი პრეცენდენტი, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას შეძლებს. ენგურჰესი, საჭიროების შემთხვევაში, მძლავრი ბერკეტია მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემაში ინტეგრაციისა და პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებისათვისაც.

რა იგეგმება ენგურჰესის საიმედოობისა და სტაბილურობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის?

ენგურჰესის საიმედო და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად 2018-2021 წლებში რეაბილიტაციის მეოთხე ფაზაა გათვალისწინებული. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია სამშენებლო-სარეაბილიტაციო და მონიტორინგის სამუშაოები, ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური სამუშაოები.

ენგურჰესი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის ბაზისია.  მის ურყეობასა და სრულ სამუშაო რეჟიმში მოყვანაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ უნიკალურ  საგანძურს გავუფრთხილდეთ.