გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით თბილისის მერია ხელოვნური ტყეების ბუნებრივად გადაქცევის პროექტს იწყებს

12:00 07-10-2019

გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით თბილისის მერია ხელოვნური ტყეების ბუნებრივად გადაქცევის პროექტს იწყებს. განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთდა.

მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, მუნიციპალიტეტის კუთვნილი 12 ათასი ჰექტარი ტყიდან, 20 ჰექტარზე ეს საპილოტე პროექტი განხორციელდება. საუბარია ისეთი ხეების დარგვაზე, რომლებსაც აქვთ უნარი ბუნებრივად განახლდნენ.

მისივე თქმით, ამჟამად დარგული ფიჭვების უმეტესობას ეს უნარი არ აქვს, გარდა ამისა, ფიჭვები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ის დაავადება, რომელიც მათ აქვთ, გადამდებია:

„უკვე მიმდინარე წელს იმ 12 ათასი ჰექტარი ტყის ფართობიდან, რომლის ინვენტარიზაცია თბილისში განხორციელდა, მოხდება 20 ჰექტარის ბუნებრივი განახლება. ფიჭვები რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, ეს არის ხელოვნურად დარგული ხეები, რომლებსაც არ აქვთ ბუნებრივი განახლების უნარი. ვიწყებთ მუშაობას იმისთვის, რომ თბილისში მაქსიმალურად დაირგოს ისეთი ხეები, რომლებსაც აქვთ თვითგანახლების უნარი. 20 ჰექტარზე მოხდება ტერიტორიის დამუშავება გერმანელების დახმარებით, მათ შორის შემოღობვა და ბუნებრივი შეთესვა, რომ ბუნებრივად დაიწყოს ტყეებმა განახლება და მაქსიმალურად ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ ხელოვნური ტყეები, - განაცხადა ბითაძემ.