იმედი მაქვს, ვითარების დასტაბილურების კვალობაზე ლარის კურსიც დასტაბილურდება - ნათია თურნავა

20:25 07-09-2019
29

„იმედი მაქვს, ვითარების დასტაბილურების კვალობაზე ლარის კურსიც დასტაბილურდება“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გურიაში ვიზიტისას ადგილობრივ მედიასთან ლარის კურსის დღევანდელ ცვლილებაზე ისაუბრა.

„თქვენ იცით, რომ ზოგადად ლარის კურსზე მოქმედებს რამოდენიმე ფაქტორი. ერთი არის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ამ კუთხით ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვაქვს და მეორე არის ნეგატიური მოლოდინები. იცით, რომ ამ ბოლო დროს რადიკალიზირებული იყო ვითარება, პოლიტიკურად არასტაბილური, რამაც საკმაოდ დაგვაზარალა. მათ შორის საბაბი მისცა რუსულ მხარეს შეეწყვიტა ფრენები, გადარიცხვები, საუბარი იყო სხვადასხვა სავაჭრო ბარიერებზე. ეს ყველაფერი აისახება ლარის კურსზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვითარების დასტაბილურების კვალობაზე ლარის კურსიც დასტაბილურდება და ეს მოკლევადიანი რყევა იქნება, მაგრამ ჩვენს ხელთ არის ბევრი რამ, მათ შორის სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა თურნავამ.

ლარი რეკორდულად გაუფასურდა. ამ დროისთვის, 1 დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში 2.96 ლარია.

 

ავტორი: ლაშა სარჯველაძე