ყველა დავიღალეთ, ყველას გვშია, გავწიოთ ავტობუსები, შევაერთოთ სუფრები და ბევრჯერ ვთქვათ საქართველოს სადღეგრძელო - დავით გაბუნია

00:58 07-09-2019
112

ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, დავით გაბუნია მოუწოდებს გიორგი გახარიას, გაუკეთოს საჩუქარი, გადადგეს, დაამთავრონ მოშიმშილეებმა შიმშილობა, გაშალონ დიდი სუფრა, გააგზავნონ შამპანური იქითა მხარეს, შეაერთონ სუფრები და ძალიან ბევრჯერ თქვან საქართველოს სადღეგრძელო. 

მისი თქმით, მას  დღეს დაბადების დღე აქვს.

„37 წლის გავხდი. სიმბოლური ასაკი მაქვს, რეპრესიებთან ასოცირდება. მაგრამ 30 წელია, ამ ქუჩაზე მიწევს დგომა. ხან 89 წლიდან მამაჩემს ვეჯექი კისერზე და იმთავიდანვე ვამბობდით, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და მაგას ვაპროტესტებ პირადად მე 30 წელია. დღეს ვლადიმერ პუტინმა გამიკეთა ასეთი საჩუქარი და ჩაკეტა ფრენები, თავის მოსახლეობას აუკრძალა ჩვენთან ჩამოსვლა. დიდი მადლობა მას ამისთვის. არ ვიცი, თავისმა მოსახლეობამ გადაუხადოს მას მადლობა, როგორც შეუძლიათ. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ მგონი, ყველანი დავიღალეთ, ყველას გვშია. იქით მოშიმშილე ადამიანები არიან. არც ერთი მათგანის ჯანმრთელობა არ ღირს არც სკამად, არც თანამდებობად და არაფრად. მოვუწოდებ გიორგი გახარიას, გამიკეთოს საჩუქარი, გადადგეს, დაამთავრონ ჩვენმა მოშიმშილეებმა შიმშილობა. გავშალოთ აქ დიდი სუფრა, გავწიოთ ავტობუსები, გავგზავნოთ შამპანური იქითა მხარეს, შევაერთოთ სუფრები და ძალიან ბევრჯერ ვთქვათ საქართველოს სადღეგრძელო. გაგიმარჯოთ, ძალიან დიდი მადლობა, რომ აქ ხართ, ჩვენთან ხართ და საქართველოს გვერდში უდგახართ. ძალიან დიდი მადლობა ყველას“, - განაცხადა დავით გაბუნიამ სიტყვით გამოსვლისას.