ქალი, რომელიც ჰოლოკოსტის დროს „სიკვდილის ანგელოზს“ გადაურჩა, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

14:43 07-05-2019
3

ევა კორი, ქალი, რომელიც ჰოლოკოსტის დროს სასტიკ წამებას გადაურჩა, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იგი ცნობილი იყო თავისი შემწყნარებლური საქმიანობით. ევა კორმა ჰოლოკოსტის სხვა გადარჩენილებს მოუწოდა, მიეტევებინათ ნაცისტებისთვის და ოსვენციმის სიკვდილის ბანაკში, ტურებსაც ატარებდა.

ევა მოზეს კორი რუმინეთში დაიბადა, თუმცა იგი თავის ებრაელ ოჯახთან ერთად, ოსვენციმში 1944 წელს წაიყვანეს. მისი ოჯახი სიკვდილს ვერ გადაურჩა, თუმცა თავად ევა კორი და მისი ტყუპისცალი და, ექიმი იოზეფ მენგელეს ექსპერიმენტის ობიექტად იქცნენ.

იოზეფ მენგელე ნაცისტური გერმანიის ოფიცერი და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ექიმი იყო, რომელსაც სიკვდილის ანგელოზის სახელით იცნობდნენ. იგი სასტიკ ექსპერიმენტებს ატარებდა ტყუპ ბავშვებსა და ოსვენციმის სხვა ტყვეებზე. ჰოლოკოსტის პერიოდში, იოზეფ მენგელემ 1000 ტყუპი აწამა. სწორედ ამ სისასტიკეს გადაურჩნენ ევა კორი და მისი და მირიამი.

ევა და მისი და 11 წლის ხდებოდნენ, როდესაც ოსვენციმის ბანაკიდან იხსნეს და ისრაელში წაიყვანეს. მოგვიანებით, ევამ ამერიკელ მამაკაცზე იქორწინა და საცხოვრებლად შტატებში გადავიდა.

1985 წელს ევამ ჰოლოკოსტის მუზეუმი და საგანმანათლებლო ცენტრი დააარსა. მათ მთელი თავისი ცხოვრება ოსვენციმის ბანაკში მომხდარ მოვლენებზე ღიად საუბარს დაუთმო და სიკვდილის ბანაკს ყოველ წელს სტუმრობდა.

2015 წელს, ევა გერმანიაში, ოსვენციმის ბანაკის ყოფილი მცველის სასამართლო პროცესს დაესწრო. ოსკარ გრონინგი ოსვენციმის ბუღალტერი იყო და ტყვეებისთვის ჩამორთმეულ ნივთებს აღრიცხავდა. ევა კორი ბრალდებულს მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა, ოსკარ გრონინგმა საპასუხოდ მას ხელზე ეამბორა.

ევა კორი გამოვიდა ინიციატივით, რომ ჰოლოკოსტის გადარჩენილებს მიეტევებინათ ჩადენილი დანაშაული ნაცისტებისთვის. იგი მიიჩნევდა, რომ სწორედ პატიებას აქვს ჭრილობების მოშუშების ძალა.

ავტორი: მარიამ გიგანი