Exclusive: „მხარს არ ვუჭერთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას!“ - რუსული „იაბლოკო“ თბილისშია

19:42 07-04-2019
5578

რუსული ოპოზიციური პარტია „იაბლოკოს“ წევრები თბილისში ჩამოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან რუსულ მედიის მიერ გავრცელებულ სპეკულირებას საქართველოს წინააღმდეგ, მათი პარტიის მიმართ აბსოლუტური ნდობა საქართველოში არ არსებობს, რადგან 2008 წელს, „იაბლოკომ“ რუსი სამხედროების შესვლა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გაამართლა.

პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრ გნეზდილოვმა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ პარლამენტში აქციას დაესწრო და დარწმუნდა იმაში, რომ აგრესიული დამოკიდებულება არსებობს კონკრეტულად პუტინის მიმართ და არა რუსეთის მოქალაქეების მიმართ.

„პუტინის და მისი ადმინისტრაციის მიმართ დამოკიდებულება მკაცრია და სამართლიანადაც, მაგრამ ეს დამოკიდებულება არ ვრცელდება ათობით ათას რუსზე, რომელიც საქართველოში ჩემოვიდა“, - აღნიშნა გნეზდილოვმა.

„იაბლოკოს“ თავმჯდომარის მოადგილეს მიაჩნია, რომ პუტინის გადაწყვეტილება ფრენების აკრძალვაზე თვალთმაქცურია. „არ მახსოვს, რომ პუტინს რამე მსგავსი გადაწყვეტილება მიეღოს დონბასის მიმართ,  სადაც 5 წელია ნამდვილი ომია და რუსეთის მოქალაქეებისთვის სახიფათო ტერიტორიად გამოცხადებულიყოს“, - აღნიშნავს რუსი პოლიტიკური მოღვაწე.

„პრაიმტაიმმა“ გნეზდილოვს 2008 წელი გაახსენა, როდესაც „იაბლოკოს“ მაშინდელმა თავმჯდომარე სერგეი მიტროხინმა თქვა, რომ ხალხის დაცვის მიზნით, რუსი სამხრედროების შესვლა ცხინვალში გამართლებულია. 

„სიმართლე რომ გითხრათ 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში, ეს არ იყო სიტუაცია, როდესაც მე ჩემს პარტიას ყველაფერში ვეთანხმებოდი. მაშინ ფედერალური ხელმძღვანელობის ნაწილი არ ვიყავი, მაგრამ მახსოვს როგორი იყო შიდა დისკუსიები.

შემოდიოდა სხვადასხვა ინფორმაციები. ვნახე 2008 წლის 11 აგვისტოს ჩემი პოსტი ინტერნეტში. მაშინ ვთქვი, რომ ვინც მისცა გორის დაბომბვის ბრძანება, სამხედრო დამნაშავეა და ჰააგაში უნდა გაუშვან, მაგრამ ამავდროულად იმავე პოსტში, მკაცრად გავაკრიტიკე მიხეილ სააკაშვიილი, რადგან იმ მომენტში  მიმაჩნდა, რომ ის და მისი გუნდი იყო სამხედრო მოქმედებების დაწყების მიზეზი.

მოგვიანებით, მაგალითად, გამოქვეყნდა რუსული არმიის კაპიტნის, დენის სედრისტოვის სტატია, სადაც ის ამბობს, რომ რუსული არმიის 58-ე კოლონა გადააგზავნეს სამხრეთ ოსეთში 7 აგვისტოს, მაშინ როდესაც სამხედრო მოქმედებები საქართველოს მხრიდან 8 აგვისტოს დაიწყო. ჩვენ ეს მაშინ არ ვიცოდით. ახალი ინფორმაციის მიღებასთან ერთად, „იაბოლოკოს“ პოზიცია იცვლებოდა.

პარტიას ოფიციალური განცხადება მას შემდეგ არ გაუკეთებია ამ სიტუაციაზე, მაგრამ ჩვენი პოზიცია, რომ ვაღიარებთ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, მხარს არ ვუჭერთ აფაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, ძალაში რჩება“,- განაცხადა რუსმა ოპოზიციონერმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ავიარეისების გაუქმებამდე ერთი კვირით ადრე, თბილისში რუსეთის ოპოზიციური პარტია „იაბლოკოს“ დელეგაცია ჩამოვიდა. 

როგორც პარტიის ოფიციალურ გვერდზე წერია, ისინი შეხვდებიან რიგ ქართველ პოლიტიკოსებს და სოციალური სამსახურების წარმომადგენლებს. 

ავტორი: ანეტი მიქელაძე