საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის - განათლების სამინისტრო

12:48 07-03-2019
16

„განათლების სამინისტრო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეული აბიტურიენტის უფლება იყოს დაცული, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ საკანონმდებლო ცვლილებებისთვისაც“, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდების დაწყების პირველივე დღეს, არაერთხელ განაცხადეს, რომ მაქსიმალურად დაიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების ინტერესებს.

შესაბამისად, მაქსიმალურად მობილიზდა ზუგდიდის საგამოცდო ცენტრი, ცენტრმა ამ დღეებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ის აბიტურიენტები მიიღო, რომლებიც ვერ ასწრებდნენ რეგისტრირებულ ცენტრებში გამოცხადებას, მობილიზდა სამედიცინო პერსონალი, აბიტურიენტები საგამოცდო პროცესს გადიოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ, ზოგიერთი მათგანისთვის მოეწყო სპეციალური სივრცეც. 

„განათლების სამინისტრო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეული აბიტურიენტის უფლება იყოს დაცული, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ საკანონმდებლო ცვლილებებისთვისაც. შექმნილ პრობლემას ჩვენ მაქსიმალური მობილიზებით შევხვდით და რეგისტრირებული აბიტურიენტების 80% მდე პირმა შეძლო საგამოცდო ცენტრში გამოცდის გავლა, თუმცა გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ჩვენთვის თითოეული აბიტურიენტი უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვაგრძელებთ პროცესზე მონიტორინგს, გამოვიყენებთ საგამოცდო პროცესში ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს და შედეგების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ ასევე დავაყენოთ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა,“ – განაცხადა ირინა აბულაძემ.