აზერბაიჯანულ მხარეს ჩიჩხიტურის მიმართულებით ბილიკი არ გაჰყავს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

10:08 07-03-2019

გავრცელებული ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მიმართულებით ბილიკის გაყვანა დაიწყო, რეალობას არ შეესაბამება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

უყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ამ თემასთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„აზერბაიჯანთან სადელიმიტაციო სამუშაოები - გარკვეული პაუზის შემდეგ - გაგრძელდა ორმხრივი კომისიის შემადგენლობის განახლებისთანავე. მორიგი შეხვედრა აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართა და ის კონსტრუქციულ, სამუშაო ატმოსფეროში ჩატარდა - სრულ შესაბამისობაში საქართველოს და აზერბაიჯანს ურთიერთობებთან.

შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება, კომისიის ექსპერტების მიერ შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივ დათვალიერებასა და აზომვითი სამუშაოების ჩატარებაზე. ამ დროისათვის მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან, მომდევნო სამუშაო შეხვედრის თარიღის განსაზღვრაზე.
საზღვრის სადელიმიტაციო/სადემარკაციო სამუშაოების საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს მხარეებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და ყველა საკითხი - როგორც შინაარსობრივი, ასევე საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის - წყდება ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში“,- აცხადებენ საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.