ტრამპის სპონტანური ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში დადებითად შეფასდა (ვიდეო)

11:12 07-01-2019

დონალდ ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა.

უპრეცედენტო და სპონტანური ვიზიტით დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეაში გუშინ ჩავიდა, დღეს კი დილიდან ფხენიანის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში ლიდერების შეხვედრა ვრცლად შუქდება. ფხენიანისთვის ამერიკის შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში მტრად განიხილება და ჩრდილოეთ კორეელებისთვის მათ მიწაზე, კიმ ჩენ ინის გვერდით მეგობრულად მდგომი დონალდ ტრამპი, უჩვეულო სანახაობაა.

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრება სამხრეთ კორეაში ვიზიტისას გადაწყვიტა. ლიდერები ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ და სამხედრო სადემარკაციო ხაზიც მოინახულეს.

დონალდ ტრამპმა შეხვედრას „უზარმაზარი პროგრესი“ უწოდა. ჩრდილოთ კორეის სახელმწიფო მედიაში კი აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი „შესანიშნავ მოვლენად“ შეფასდა.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო კვირებში ორი ქვეყნის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ და განაახლებენ დისკუსიას ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების შესახებ. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, მისთვის ამ კუთხით მთავარია არ სისწრაფე, არამედ საქმის სწორად გაკეთება.

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეას სანქციები შეუნარჩუნდება, თუმცა დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს მათ შემსუბუქებას.